მცხეთა-მთიანეთში 9/11-ის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პირველმა მოადგილემ ელიზაბედ რუდმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველების მემორიალი მცხეთაში გვირგვინით შეამკეს. ქართული და ამერიკული მხარეების წარმომადგენლებმა მეხანძრეებისა და 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად მწვანე ნარგავებიც დარგეს.
მხარეებმა ასევე აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობების ოფისის (ODC) ფინანსური მხარდაჭერით მცხეთა-მთიანეთში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრეს. მათ შორისაა მზრუნველობას მოკლებულთათვის თავშესაფრის მშენებლობა, ყაზბეგის მუნიციპალური სამედიცინო ცენტრისთვის აპარატურის შეძენა, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტებისთვის ბუნებრივი კატაკლიზმების დროს გამოსაყენებელი ტექნიკის გადაცემა, შშმ პირებისთვის ეტლებისა და სხვა დამხმარე საშუალებების შეძენა.