ანა დოლიძე: ირაკლი კობახიძემ კანონპროექტი დაუწერა კლანს
ამ შეხვედრაზე ჩემი მოსვლის ერთადერთი მიზანი არის, რომ მთავარ დონორებს – სახელმწიფოებს, რომლებმაც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში ჩადეს მილიონობით დოლარი და ევრო, ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის განვითარების ძალიან დრამატულ ეპიზოდზე ვიმყოფებით, -ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საუბარია შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მართავს.
„ირაკლი კობახიძემ კანონპროექტი დაუწერა კლანს. კანონპროექტი საერთოდ არ ითვალისწინებს რომელიმე პრინციპულ მოსაზრებას, რომელიც აქამდე ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენ ან ოპოზიციას. ეს კანონპროექტი თავიდან ბოლომდე მორგებულია მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესებზე ისე, რომ ჭიანჭველაც ვერ შევა უზენაეს სასამართლოში, თუ არ იქნება მათი ხელდასმა. ამ შემთხვევაში, ამ შეხვედრაზე ჩემი მოსვლის ერთადერთი მიზანი არის, რომ მთავარ დონორებს – სახელმწიფოებს, რომლებმაც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში ჩადეს მილიონობით დოლარი და ევრო, დავუმტკიცოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის განვითარების ძალიან დრამატულ ეპიზოდზე ვიმყოფებით. ეს არ არის რაიმე მუხლისა და პუნქტის ამბავი, საბოლოო ჯამში ეს ინსტიტუტი მთლიანად ჩაბარდება ამ დაჯგუფებას და შესაბამისად, არ მგონია, ევროკავშირს, ამერიკასა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს ძალიან აინტერესებდეთ ამ დაჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერება“, – განაცხადა დოლიძემ.