ლევან მურუსიძე: საზოგადოება დაინახავს, რომ აჟიოტაჟი თითიდან გამოწოვილია
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს მოსამართლეობის ღირსეულ კანდიდატებს და საზოგადოება დაინახავს, რომ აჟიოტაჟი თითიდან არის გამოწოვილი, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მურუსიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მოისმინოს კანდიდატების პოზიციები და შემდგომ გადაწყვეტილებას დეპუტატები მიიღებენ.
„პარლამენტამდე როდესაც მივა სიტუაცია, დარწმუნებული ვარ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს ღირსეულ კანდიდატებს. როდესაც კომიტეტში ღია განხილვები იქნება, ყველას ექნება საშუალება, რომ კანდიდატებს დაუსვას შეკითხვები. დარწმუნებული ვარ, ამ კანდიდატებში მოსამართლეებიც იქნებიან და ისინი გასცემენ ღირსეულ პასუხს, რასაც დაინახავს საზოგადოება, მიხვდება, რომ რეალურად, აჟიოტაჟი თითიდან არის გამოწოვილი. რაღაც საკითხებზე იქნება თანხვედრა, რაღაც საკითხებზე – განსხვავება, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მოისმინოს პოზიციები და შემდგომ დეპუტატები მიიღებენ გადაწყვეტილებას.
საუბარი მიდის, რომ უნდა იყოს კრიტერიუმები, მაგრამ გუშინ ჩვენ რაზეც ვმსჯელობდით, რეალურად, საუბარი იყო პროცედურებზე. მე არ დამინახავს, რომ არასამთავრობო სექტორსაც რაიმე კრიტერიუმის დამატება სურდეთ. რეალურად, საუბრობენ ძირითადად პროცედურებზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, მაგრამ რეალურად, ვეთანხმები იმ კრიტერიუმების არსებობას, რაც არის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.