მამუკა მდინარაძე: თუ ბოდიშის მოხდაზე მიდგება საქმე, გასათვალისწინებელია, რომ ბესელიას კანონპროექტს ხმა „ნაცმოძრაობის“ სრულმა წარმომადგენლობამ მისცა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ბოდიშის მოხდაზე მიდგება საქმე, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ეკა ბესელიას კანონპროექტს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ სრულმა წარმომადგენლობამ მისცა. ​
„ბოდიშზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც საზოგადოებას ასევე ვეტყვით, რომ იმ ანტიკონსტიტუციურ და ყოვლად მიზანშეუწონელ კანონს, ინიციატორებთან ერთად, ხმა მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ სრულმა წარმომადგენლობამ. რეალურად არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა ჯგუფის სახით წარმოდგენილი პარლამენტში და მათი სრული მხარდაჭერა ჰქონდა ამ კანონპროექტს. მე ზედმეტ წიაღსვლებში არ წავალ, ეს იყო შემთხვევითი, ეს არის ინტერესების დამთხვევა თუ ა.შ., მაგრამ თუ ბოდიშის მოხდაზე საუბრობენ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინონ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ბოდიში აქვს მოსახდელი კოლეგების წინაშე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსენსუსში დადანაშაულების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები