„ნებისმიერი სიმბოლური აქტი, რომელიც ხაზს გაუსვამს იმას, თუ რა დანაშაულებები ჩაიდინა „ნაცმოძრაობამ”, მომავლისთვის კარგი იქნება“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა, გუშინდელ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა.
საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა.
„მე დავუჭირე მხარი. ეს იყო სიმბოლური აქტი. ნებისმიერი სიმბოლური აქტი, რომელიც იქნება ხაზგასმა იმისა, თუ რა დანაშაულებები ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს იქნება კარგი მომავლისთვის, რომ არცერთმა ხელისუფლებამ იგივე არ გაიმეოროს. აქედან გამომდინარე, ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო. პრობლემა რა არის – ეს რეზოლუცია მაინც არ ახდენს იმ ხარისხში პოლიტიკურ გასამართლებას, გააზრებას რეჟიმისას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა მხარი არ დაუჭირა.
რეზოლუციის პროექტს 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის 17 წევრი წავიდა და ამ შედეგით პროექტი ჩავარდა.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ბოკერია-სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სტატუსი უნდა მინიჭებოდა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები