ეკა ბესელია დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გეგმავს

„დაველოდები ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებებს, ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა“, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზნის მისაღწევად, ის და მისი თანამოაზრეები ყველა სამართლებრივ ბერკეტს მიზნის გამოიყენებენ.
„ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, დაველოდები როგორი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება ჩემი კოლეგების, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ახლა ხდება საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით. დაველოდები მათ გადაწყვეტილებებს, რომელთაც ისინი მიიღებენ უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება ალბათ, უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურად დღეს არ ვისაუბრებ. გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნის მისაღწევად. არ გამოვრიცხავ არც ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც სამართლებრივად გამართულია, რათა ამ ბრძოლას ჰქონდეს ორგანიზებული, ერთიანი, ერთობის მატარებელი ფორმები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები