ბადრი ჯაფარიძე: მე არ გამომაქვს ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას

“მინდა, განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა ეროვნული ბანკის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა და მათთვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის და დაკავშირებული მხარის კვალიფიკაციის მიცემა”, – ამის შესახებ “თი-ბი-სი ბანკის” თანადამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის, რაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გრძელდება, არის უაღრესად დამაზიანებელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ.​
მისივე თქმით, მას არ გამოაქვს სარჩელი სასამართლოდან და აგრძელებს სიმართლის მტკიცებას.
“ასევე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის იგივე ტრანზაქციებზე ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრა, იმ დროს, როცა მსგავსი ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ის, რაც გრძელდება ბოლო 6 თვის განმავლობაში, არის უაღრესად დამაზიანებელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ. “თი-ბი-სი” ბანკი არის ბრწყინვალე მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ნულიდან შექმნილი ქართული კომპანია გახადო მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟის პრემიალური სეგმენტის და ინდექსის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ბანკის დამფუძნებლების, თანამშრომლების, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. მე ძალიან მეამაყება მამუკასთან ერთად ყველა ბიზნესწამოწყებაში მონაწილეობის მიღება. მიმაჩნია, რომ ბანკის გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ იყო აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა უზარმაზარი ჯგუფისთვის, ბანკის 2 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის და ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის გვეთქვა, რომ ბანკსა და მის რეგულატორს შორის კონფრონტაცია შეწყდა და ამით ბანკი უბრუნდება თავის ჩვეულ ტემპს და გააგრძელებს განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას. ამასთან, მე, როგორც ბადრი ჯაფარიძე, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს.
რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში – მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ.
მიუხედავად დაგეგმილი რესტრუქტურიზაციისა, “თი-ბი-სის” გუნდი რჩება უაღრესად კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად. შეუცვლელ ფაქტად რჩება ის, რომ “თი-ბი-სი” დაფუძნებულია მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ჩვენი სხვა პარტნიორების მიერ. ჩვენს შექმნილ წარმატებას არაფერი ემუქრება და “თი-ბი-სი” განაგრძობს მისი ფასეულობებისა და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით წარმატებულ სვლას”,-აღნიშნულია ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები