“თი-ბი-სი ბანკი” ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის

ცნობილი გახდა, რომ “თი-ბი-სი ბანკი” მითითებას ასრულებს და სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას ახორციელებს, რომლის შედეგადაც, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე წარმოდგენილი არ იქნებიან “თი-ბი-სი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოში.
როგორც ეროვნულ ბანკთან ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “თი-ბი-სი ბანკის” აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლო დავები ეროვნული ბანკის წინააღმდეგ შეწყდეს და ბანკმა მის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული 1 მილიონი ლარი გადაიხადოს.
„გამომდინარე იქიდან, რომ “თი-ბი-სი ბანკი” ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სასამართლოში, “თი-ბი-სი ბანკი” აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება “თი-ბი-სი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. “თი-ბი-სი ბანკი” წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს”, – აღნიშნულია “თი-ბი-სი ბანკის” განცხადებაში. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის მიესალმება “თი-ბი-სი ბანკის” ამ გადაწყვეტილებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე. „საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ისე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
როგორც ორივე მხარე აცხადებს, ამით ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია და მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული თემებით სპეკულაციისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები