ეროვნული ბანკი და “თი-ბი-სი ბანკი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ბოლო დღეებში თიბისი ბანკის ირგვლის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და თიბისი ბანკმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
ოფიციალური განცხადება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსდა. თიბისი ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკის დამფუძნებლები აღარ იქნებიან სამეთვალყურეო საბჭოში და თიბისი ბანკი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას 1 მილიონ ლარს გადაიხდის.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ბანკისა და ქვეყნის საფინანსო სექტორის იმიჯზე.
“ბოლო დღეების განმავლობაში, დეტალურად ვიხილავდით თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაზეც გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:
თიბისი ბანკის განცხადება
გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. თიბისი ბანკი წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.
ამასთან, თიბისი ბანკი, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. თიბისი ბანკის კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ.
ეროვნული ბანკის განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტითა და სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.
ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მისი საზედამხედველო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ასევე, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს”, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები