სამართალდამცველებმა მკლავჭიდის ფედერაციაში ქურდობის ფაქტი არ დაადასტურეს

სამართალდამცველებმა საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციაში ქურდობის ფაქტი არ დაადასტურეს, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურში „კვირასთან“ საუბრისას განმარტავენ, რომ დანაშაულის არარსებობის გამო, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა.
„კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მკლავჭიდის ფედერაციის კარი გასაღებით გაღებული დახვდათ.
ამასთან, წყაროს ინფორმაციით, ინვენტარი, რომელიც თითქოსდა შენობიდან წაღებული იყო, სინამდვილეში ფედერაციის საკუთრებაა და შენობაშია განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე მკლავჭიდის ფედერაციის დარბაზი გაქურდეს, რის შედეგადაც, წაღებულია ელექტროტექნიკა და ყველა ინვენტარი, რომლითაც სპორტსმენები ვარჯიშობენ.
ფედერაციის პრეზიდენტი ერეკლე გურჩიანმა ქურდობის ფაქტი პარლამენტის ყოფილ დეპუტატს სოსო ჯაჭვლიანს დააბრალა.
ერეკლე გურჩიანის ინფორმაციით, სავარჯიშო დარბაზიდან ნივთები სოსო ჯაჭვლიანმა წაიღო და ეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
„კვირასთან“ საუბრისას სოსო ჯაჭვლიანმა კატეგორიულად უარყო ქურდობის ფაქტი და განაცხადა, რომ 5 თვეა მკლავჭიდის ფედერაციაში არ ყოფილა.
„5 თვეა ფედერაციაში არ ვყოფილვარ. ეგ ზღაპრები მოუყვნენ იმას, ვინც დაიჯერებს. აუცილებლად ვუჩივლებ, ვინც ეს ინფორმაცია დამაბრალა“, – განუცხადა „კვირას“ სოსო ჯაჭვლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები