სახელმწიფო რმუნებული ჩხოროწყუს პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო და ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებს შეხვდა
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლას აქტიურად აგრძელებს. ალექსანდრე მოწერელია ამჯერად ჩხოროწყუს პირველ საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო.
გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს. სახელმწიფო რწმუნებული სკოლის პედაგოგებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.
როგორც ,,კვირას“ უწყებიდან აცნობეს, ჩხოროწყუში ყოფნის დროს ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეებს შეხვდა. ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, მან ზვიად გამსახურდიას მომხრეებისგან პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით,ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას 80 წლის საიუბილეო თარიღი რეგიონში სათანადოდ უნდა აღინიშნოს. ალექსანდრე მოწერელიას გადაწყვეტილებით, ამ საკითხს კურირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია გაუწევს. პირველი პრეზიდენტის მომხრეებმა ალექსანრე მოწერელიას მადლობა გადაუხადეს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას, მისი ხსოვნის მემორიალური სახლ-მუზეუმის მოწყობის გადაწყვეტილების მიღების გამო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერა.