გია ჟორჟოლიანი: ქვეყნის მთელი უბედურება მოდის იქიდან, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ წესებს ვეყრდნობით

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საპენსიო სისტემა თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი დასაქმებულები აფინანსებენ დღეს არსებულ პენსიონერებს, ხოლო დღევანდელ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლის შემდეგ იმ დროის დასაქმებულები დააფინანსებენ.
ჟორჟოლიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განმარტებები იმ კანონპროექტზე გააკეთა, რომელზეც „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი საუბრობს.
„ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა ჩვენი პარტიის საერთო ინიციატივაა. ზოგადად, დაგროვებითი პენსიის იმ სქემის მიმართ, რომელიც თანხების აკუმულირებას განსაზღვრავს, ჩვენი პოზიცია დადებითია. პენსიების გაცემის წესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომა და აკუმულირებული თანხის შემდეგში განკარგვის თაობაზე გვაქვს ჩვენი წინადადება. დაგროვებით პენსიას მხარს ვუჭერთ, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ ასეთი შენატანი არის მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ შენატანს განახორციელებენ, მათი შენატანი იზრდება დამსაქმებლის შენატანით და სახელმწიფოც მხარს უჭერს ამას. როდესღაც, მერე სახელმწიფო უნდა გამოვიდეს და ეს ძირითადად, დასაქმებულის და დამსაქმებლის შენატანებით უნდა განხორციელდეს. ეს ადამიანებისთვის სარგებლის მომტანია.
რაში ვეწინააღმდეგებით – ჩვენ მიგვაჩნია, რომ პენსიების ზრდა უნდა დაიწყოს ახლავე. ე.ი. ვთქვათ, ერთი წელია უკვე ადამიანი მონაწილეობს ამ სქემაში, ერთი წლის შემდეგ, მას უნდა დაეწყოს პენსიის ზრდა. დეტალურად გვაქვს აღწერილი, ეს რა წესით უნდა განხორციელდეს – მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის თაობების სოლიდარობაზე დაფუძნებული პრინციპი. ანუ, ვინც დღეს იხდის გადასახადს, ამ თანხის გარკვეულ ნაწილს აიღებენ ის ადამიანები, ვინც დღეს გადის პენსიაში, მაგრამ ამდენი არ შეუტანია. ეს არ არის დიდი დანაკლისი იმ თანხისათვის, რამდენადაც პენსიის გადახდას დაიწყებს თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი, ხოლო პენსიაში გადის მაქსიმუმ 15 000 ადამიანი, ასე რომ, ეს ყველასთვის იქნება მოტივაცია.
მეორე – საბინაო მშენებლობაში შეიძლება იქნას გამოყენებული კრედიტების სახით ეს თანხები. რა თქმა უნდა, ძალიან მყარი გარანტიების საფუძველზე ისე, რომ ადამიანებს, რომლებმაც ეს ფული შეიტანეს, არ დაეკარგოთ. ეს არის ჩვენი ძირითადი განმასხვავებელი. ამას პლენარულ სხდოამაზე გავიტანთ და მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, „სოციალ-დემოკრატები“ არ იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომლის თანახმად, საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო არ უნდა იყოს.
„ამ კრიტიკას ჩვენ არ ვიზიარებთ. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკაა ის, რომ ეს არის სავალდებულო და უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს სავალდებულო. ნებაყოფლობით თუ იქნა, რეალურად არავინ გადაიხდის . ვერ გაერკვევიან, არ მოინდომებენ, ბევრი ვერ მიხვდება, რომ მისთვის ეს სასარგებლოა და ა.შ. დიდი დრო სჭრიდება ამის გაცნობიერებას.
ქვეყნების უმეტესობაში, ყველგან სავალდებულოა. ჩვენი ქვეყნის მთელი უბედურება მოდის იმისგან, რომ ვეყრდნობით იმ ეკონომიკურ წესებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, პირველი იანვრიდან ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა.
40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი – სახელმწიფო.
ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ მისი პროექტი დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის კანონის მიღებით შეიქმნა ახალი ტიპის საპენსიო სისტემა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ბოლომდე ვერ პასუხობს სამართლიანი და ღირსეული საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების საჭიროებას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები