საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქციებზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების რიგით მეთოთხმეტე აქცია გაიმართა და პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, ცრემლსადენი აირი გამოეყენებინათ. აქციის მონაწილეებმა ნაგვის ყუთებს ცეცხლი წაუკიდეს და პოლიციელებს სხვადასხვა ნივთები დაუშინეს. შეტაკება მოხდა პარიზში, ლიონსა და ბორდოში.
საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ როუენში ავტომობილი მომიტინგეებს შეეჯახა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ტულუზაში კი მომიტინგეებმა კომპანია „ამაზონის“ საწყობის ბლოკირება სცადეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიტინგში დღეს 41 000 ადამიანი მონაწილეობდა.
ყვითელჟილეტიანების აქცია ნოემბრიდან მოყოლებული საფრანგეთში ყოველ უქმეებზე იმართება. თავდაპირველად, აქციის მონაწილეები საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა მოგვიანებით, მომიტინგეებმა სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს. მათ შორის, ერთ-ერთი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომაა.