რა ვითარებაა სანკტ-პეტერბურგის უნიერსიტეტში, სადაც შენობის სახურავი ჩამოინგრა
„დაღუპული არავინ არის“, – ამის შესახებ მედიას სანქტ-პეტერბურგის ინფორმაციული ტექნოლოგიების, მექანიკის და ოპტიკის კვლევით უნივერსიტეტში განუცხადეს.
დაზუსტებული ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებიდან 81 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, მათ შორის არიან პირველი და მეორე კურსის სტუდენტები. მაშველებმა 60 ადამიანი შენობის ბოლო, მეხუთე სართულიდან გამოიყვანეს.
სანკტ-პეტერბურგის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უნივერსიტეტში ამჟამად მხოლოდ 4 ადამიანია ჩარჩენილი. მაშველები, ამ წუთებში ერთი ლექტორის და 3 სტუდენტის გამოყვანას ცდილობენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ლომონოსოვის ქუჩა, სადაც სასწავლო დაწესებულება მდებარეობს, ამ დროისთვის გადაკეტილია. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სახანძრო-სამაშველო მანქანები და სამართალდამცველები იმყოფებიან.
მედია იუწყება, რომ შენობის სახურავი ხუთსართულიანი სასწავლო დაწესებულების კორპუსში ჩამოინგრა. შემთხვევის დროს დაწესებულების დატოვება 26-მა ადამიანმა დამოუკიდებლად მოასწრო, დანარჩენები კი, მაშველების დახმარებით გამოიყვანეს. სტუდენტები და ლექტორები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენობაში იყვნენ ჩარჩენილები და მათი ევაკუაცია სახანძრო კიბის და ევაკუატორების მეშვეობით მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ნგრევა უნივერსიტეტის შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას, ტექნოლოგიური მოთხოვნების დარღვევამ გამოიწვია.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
უნივერსიტეტის შენობასთან რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.