ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატს ინდივიდუალურად მოუსმინონ

0

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატს ინდივიდუალურად მოუსმინონ და მათ საზოგადოებაში არსებული ყველა შეკითხვა პირადად დაუსვან“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში” განაცხადა, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე ორდღიან სამუშაო შეხვედრას მართავს.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ახლო მომავალში, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.
„ მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ ყველა მოსამართლეს ჰქონდეს კანდიდატად დარეგისტრირების შესაძლებლობა. ეს პროცესი უნდა იყოს, მთლიანობაში, გამჭვირვალე, ღია და ხანგრძლივი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა. საერთაშორისო პარტნიორებმა კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მოიწონეს მონახაზი და გამოთქვეს გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები, რაც შემდგომში გათვალისწინებული იქნება. ახლო მომავალში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, გაფართოებული ფორმატით შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, დავაახლოებთ პოზიციებს, შემდგომ კი წარვდგებით საზოგადოების წინაშე და დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი