ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება
ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ამის შესახებ „კვირას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, კურორტზე ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები დაიგება, მოხდება საფეხმავლო ხიდთან არსებული კაფე-რესტორანის რეაბილიტაცია და ასევე აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი.
„რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ მინიფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს. მოეწყობა ველობილიკი, გარე განათება, სველი წერტილები, გასახდელები, დამონტაჟდება ახალი სანაგვე ურნები.
ანაკლიაში ინფრასტრუქტურის განახლება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, საკურორტო ზონაში განსახორციელებელი სამუშაოები შპს „ანაკალია-განმუხურირესორტის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა“, – აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.