ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს 24 წლამდე პატიმრობა ემუქრება – სპეცპროკურორის გადაწყვეტილება
სპეციალური პროკურორი – რობერტ მიულერი აშშ-ის ვიჯინიის შტატიდან დონალ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტისთვის 19-დან 24 წლამდე პატიმრობას ითხოვს. გამოცემა Axios- ის ცნობით, 69 წლის მანაფორტისთვის ეს, ფაქტობრივად, სამუდამო პატიმრობის ტოლფასია. სპეცპროკურორი მას ფინანსურ დანაშაულში ამხელს.
“მანაფორტი ათი წლის განმავლობაში ისე მოქმედებდა, თითქოს კანონზე მაღლა იდგა, მისი მიზეზით ფედერალურმა მთავრობამ და სხვადასხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მილიონობით დოლარი დაკარგეს. შესაბამისად, მისთვის ეს სასჯელი შესაბამისია”, – განაცხადა მიულერმა.
გასული წლის აგვისტოში, ალექსანდრიაში, ვირჯინიის შტატის სასამართლომ მანაფორტი საბანკო და საგადასახადო მაქინაციების 8 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. არსებობს კიდევ ერთი საქმე, რომელსაც მას უყენებენ – ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდება, ფულის გათეთრება და ჩვენებების გაყალბებაა.
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ კრემლის სავარაუდო ჯაშუშთან განხილვაშიც ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას კი სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტები ადასტურებს. ეს დოკუმენტები მედიამ 8 იანვარს გაავრცელა. ცოტა ხნის წინ CNN იუწყებოდა, რომ პოლ მანაფორტი უკრაინის საკითხზე კონსტანტინ კლიმნიკს ესაუბრა, რომელიც რუსეთის დაზვერვასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით,, მანაფორტისა და კლიმნიკის შეხვედრა მადრიდში შედგა.
მანაფორტის ადვოკატმა მედიით გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მადრიდში 2017 წლის თებერვალში, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაიმართა.
საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა „ასოშიეთედ პრესმაც”. მედიასაშუალების ცნობით, ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა შეცდომაში შეიყვანა გამოძიება და კლიმნიკთან კონტაქტების შესახებ ინფორმაცია დამალა.
შეგახსენებთ, 2018 წელს, მანაფორტმა სპეცპროკურორ მიულერთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, თუმცა 7 დეკემბერს მიულერმა განაცხადა, რომ მანაფორტმა საპროცესო გარიგების პირობები დაარღვია და გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.