ბათუმში, დედა, 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამხელს
ბათუმში, 8 წლის გოგონას დედა, 30 წლის მამაკაცს შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ადანაშაულებს.
სამართალდამცველებს განცხადებით, დედამ მათ 2 თებერვალს მიმართა. როგორც გოგონას დედა განცხადებაში ამბობს, ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში, სადაც თავად მუშაობს, შვილი სამსახურში ხშირად დაჰყავდა. მისივე თქმით, სასტუმროს მფლობელი უცხო ქვეყნის 30 წლის მოქალაქეა, რომელიც მის შვილთან გარყვნილ ქმედებას მუდმივად ჩადიოდა.
დედის ინფორმაციით, მსგავსი ქმედების ორ საეჭვო ფაქტს თავად შეესწრო, რის შემდეგაც, მან შვილს გამოჰკითხა, რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ზრდასრულ მამაკაცს მასთან. შვილის გამოკითხვის შემდეგ, დედამ სამართალდამცველებს მიმართა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 141- მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პირი იდენტიფიცირებულია და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თუმცა, ამ ეტაპზე, 30 წლის მამაკაცი დაკავებული არ არის. გამოძიება სასამართლო ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რომელიც 8 წლის გოგონას უკვე ჩაუტარდა.