„სიდა“-ს დირექტორი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი თანამშრომლის ბრალდებას პასუხობს

 

ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი თანამშრომლის, ლიკა კასრაძის ბრალდებას პასუხობს და განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდამ”, 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე, წარმატებით გაახორციელა ევროკავშირის, აშშ მთავრობის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, ღია საზოგადოების ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელთაც უზრუნველყვეს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მთელ რიგ საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს მიღწევები და ვინარჩუნებთ საზოგადოებასთან, დაინტერესებულ პირებთან, პარტნიორებთან და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გამჭვირვალე ურთიერთობასა და ეფექტურ კომუნიკაციას მიმდინარე არაერთი საგრანტო პროგრამის განორციელების პარალელურად. 2018 წლის მარტის ბოლოს, აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის შემდეგ, ჩემი ხელმძღვანელობით, ახალმა მენეჯმენტმა გაახორციელა რიგი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მართვასა და უსაფრთხოებას. სისტემური ცვლილებების პროცესი დღესაც მიმდინარეობს და კვლავაც ვასრულებთ პირობას საზოგადოების წინაშე, გამჭვირვალედ უზრუნველვყოთ ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 2019 წლის იანვრის ბოლოს, თანამშრომლის მომართვის საფუძველზე, ფინანსური გადაცდომის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, რაც მიუთითებს ფინანსური რესურსების შესაძლო არასწორ, ან არამიზნობრივ განკარგვაზე. შიდა მოკვლევის წინასწარი შედეგებით შესაძლო ფინანსური დარღვევები მოიცავს 2015 წლის ბოლოდან 2018 წლის დასაწყისამდე პერიოდს. კერძოდ, ჩემი, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, კონკურსის წესით დანიშვნის ეტაპამდე. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, მე, არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა,სალომე ზურაბიშვილმა, დაუყოვნებლივ ვაცნობე ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს, გამგეობასა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს. არსებული ფინანსური გადაცდომის სახით დანაშაულებრივი ქმედების გამორიცხვის მიზნით, მივმართე საგამოძიებო ორგანოებს, კერძოდ კი საქართველოს პროკურატურას მივაწოდე ამჟამად არსებული ინფორმაცია, რათა ამ უკანასკნელმა, შეხედულებისამებრ, საჭიროების შემთხვევაში, გაახორციელოს გამოძიებისა და მოკვლევის წარმოება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ, წლების განმავლობაში ჩატარებული ფინანსური აუდიტებითა და 2018 წელს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტით, რაიმე სახის ხარვეზი ორგანიზაციაში არ ფიქსირდებოდა. თუმცა, აღნიშნული მოვლენების გათვალისწინებით, ასევე, დავიწყეთ საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესი, რომელიც გამოიკვლევს, კონკრეტულად, ზემოთ აღნიშნულ შესაძლო ფინანსურ გადაცდომებს.
აქვე, ხაზგასმით დავძენ, რომ ორგანიზაციისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ფინანსური გადაცდომა. ჩვენ გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებასთან, ბენეფიციარებთან, რომელთა უფლებებს ორგანიზაცია წლებია, იცავს; ასევე, დონორ ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მზად ვარ, ვითანამშრომლო მედიასთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა, მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით, ღიად და დროულად მივაწოდო მათთვის საინტერესო ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნია, რომ „სიდას“ უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, ლიკა კასრაძემ, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. კასრაძის ინფორმაციით, ის სამი თვის ორსული და ორი წლის შვილის დედაა და სამსახურიდან უმიზეზოთ გაათავისუფლეს. ამასთან, კასრაძე ორგანიზაციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზეც საუბრობს. „აღმოვაჩინე, რომ ორგანიზაციის საქაღალდეებში ინახებოდა ჩემი სახელით დადებული შრომითი ხელშეკრულებების მთელი რიგი, საიდანაც მე მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი; დანარჩენ შრომით ხელშეკრულებებზე კი სხვა პირის ხელმოწერებია; 2) შემოსავლების სამსახურში ფიქსირდება, რომ ორგანიზაცია “სიდას” ჩემთვის, შრომის ანაზღაურების სახით, თითქოს, გადახდილი აქვს თანხა, რომელიც, დაახლოებით, 35 000 ლარით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელიც მე “სიდაში” მუშაობისას, რეალურად, ხელფასის სახით მივიღე. ამას შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი ადასტურებს და შესაბამისი ამონაწერი იმ ბანკიდან, სადაც ხელფასი მერიცხება“, – აცხადებს კასრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები