“სამი თვის ორსული სამსახურიდან გამათავისუფლეს”- ჟურნალისტი სალომე ზურაბიშვილს მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

 

ჟურნალისტი ლიკა კასრაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, სამსახურიდან გაათავისუფლა.
კასრაძე ამბობს, რომ ის სამი თვის ორსულია და მიიჩნევს, რომ, მისი მისამართით, უხეშად დაირღვა შრომითი და არამხოლოდ შრომითი უფლებები.
კასრაძის განცხადებით, მან ორგანიზაციაში სავარაუდო დარღვევები აღმოაჩინა. მისი თქმით, ორგანიზაციის საქაღალდეებში ინახებოდა მისი სახელით დადებული შრომითი ხელშეკრულებები, საიდანაც მას მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. დანარჩენ შრომით ხელშეკრულებებზე კი სხვა პირის ხელმოწერებია.
„საქმე მაქვს ასეთ პარადოქსულ სიტუაციასთან: სამი თვის ორსული და ორი წლის ასაკის ბავშვის დედა სამსახურიდან გამათავისუფლა არასამთავრობო ორგანიზაციის (სამოქალაქო განვითარების სააგენტოს, “სიდას”) აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა. პარადოქსის არსი კი ის არის, რომ ორგანიზაცია “სიდა”, სადაც მე 2015 წლის დეკემბრიდან ვმუშაობ, აქტიურად საქმიანობს ქალთა გაძლიერების კუთხით და მის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს შორისაა: გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება და ადამიანის უფლებები. გარდა ამისა, “სიდა”, აღნიშნულ თემებზე, ორგანიზებას უწვევს შეხვედრებსა და კონფერენციებს და ატრენინგებს სხვა ორგანიზაციებს დასაქმების ადგილას ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებზე.
დაახლოებით ერთი თვეა, ვცდილობ, ორგანიზაციაში გავარკვიო სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების რეალური (ნამდვილი) მიზეზები, რადგან მივიჩნევ, რომ საქმე მაქვს ორმაგ სტანდარტთან და ჩემ მიმართ უსამართლო მოპყრობასთან, მაგრამ  – უშედეგოდ. მიმაჩნია, რომ უხეშად დაირღვა ჩემი შრომითი და არამხოლოდ შრომითი უფლებები.
აღსანიშნია, ასევე, რომ ჩემი საკითხის კვლევისა და უფლებების დაცვის პროცესში ორგანიზაცია “სიდაში”, რამდენიმე დღის წინ , წავაწყდი ისეთ სავარაუდო დარღვევებს, რომლებზედაც, იქ მუშაობის სამი წლის განმავლობაში, წარმოდგენა არ მქონდა. მაგალითად: 1) აღმოვაჩინე, რომ ორგანიზაციის საქაღალდეებში ინახებოდა ჩემი სახელით დადებული შრომითი ხელშეკრულებების მთელი რიგი, საიდანაც მე მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი, დანარჩენ შრომით ხელშეკრულებებზე კი სხვა პირის ხელმოწერებია; 2) შემოსავლების სამსახურში ფიქსირდება, რომ ორგანიზაცია “სიდას” ჩემთვის , შრომის ანაზღაურების სახით, თითქოს, გადახდილი აქვს თანხა, რომელიც, დაახლოებით, 35 000 ლარით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელიც მე “სიდაში მუშაობისას”, რეალურად, ხელფასის სახით მივიღე; ამას ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი და შესაბამისი ამონაწერი იმ ბანკიდან, სადაც ხელფასი მერიცხება.
აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია “სიდას” აღმასრულებელ დირექტორსა და მმართველობის ორგანოს მივაწოდე − გამგეობის წევრებს. ამის შესახებ ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებმაც იციან.

ამ პროცესების მიმდინარეობისას, ინფორმაცია მოიძია და თავისი საკითხის თაობაზე სავარაუდო დარღვევა აღმოაჩინა ჩემმა თანამშრომელმა, ნაზი ბურდულაძემაც; კერძოდ, 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, ნაზი ბურდულაძის სახელით დადებულია და “სიდას” დონორისთვის მიწოდებულია შრომითი ხელშეკრულება, რომელზედაც, ნაზი ბურდულაძის ხელმოწერის ნაცვლად, ხელი აქვს მოწერილი სხვა ადამიანს. პროტესტის ნიშნად, ორგანიზაცია “სიდა”, თავიანთი სურვილით ,  ნაზი ბურდულაძემ და სხვა ხუთმა თანამშრომელმა დატოვა.
ორგანიზაციაში შეიქმნა მწვავე კრიზისი. ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია ის პასუხები, რომლებსაც, ამ დროის განმავლობაში, ზემოაღნიშნულ საკითხებზე “სიდას” აღმასრულებელი დირექტორისგან ვიღებ და მის, როგორც ორგანიზაცის ხელმძღვანელის  მიმართ, მაქვს სრული და საფუძვლიანი უნდობლობა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “სიდას” ერთ-ერთმა დონორმა “სიდასთან” უკვე შეწყვიტა პროექტი.
აქვე, ისიც უნდა დაემატოს, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზემოხსენებული სავარაუდო დარღვევების შესახებ, ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მიაწოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა და ეს “სიდას” გამგეობის წევრებმა და სხვა თანამშრომლებმა მოითხოვეს.
ახლახან, “სიდას” აღმასრულებელმა დირექტორმა ელ.ფოსტით გვაცნობა, რომ სიდას რუსთავის ოფისში არსებული ორიგინალი დოკუმენტები გატანილია ოფისიდან და ელექტრონული ფაილების ნაწილი წაშლილია. ჩვენი აზრით, არის იმის საფრთხე, რომ სხვა საჭირო დოკუმენტაციაც დაიკარგოს. ამიტომ, ვასაჯაროებთ ამ ინფორმაციას. ამ საქმის გახმაურება ახლა უკვე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ყოფილი თანამშრომლისათვის, ნაზი ბურდულაძისათვის“, –  წერს ლიკა კასრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები