ოქსფორდის უნივერსიტეტსა და ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

11-13 თებერვალს, ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ზვიად გაბისონია, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ოქსფორდში. ვიზიტის ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ფონდს შორის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ პროგრამის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ეს საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს, ერთი წლის მანძილზე, თავიანთი სამეცნიერო კვლევა აწარმოონ ოქსფორდის უნივერსიტეტში, მათ შორის  – ბოდლეინის ბიბლიოთეკაში მარჯორი და ოლივერ უორდროპების არქივების (Bodleian Library, University of Oxford) ბაზაზე ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიის, ხელოვნების, რელიგიის, კულტურის, ხელნაწერთა შესწავლის მიმართულებით.
ზვიად გაბისონია, აგრეთვე, შეხვდა ოქსფორდის უნივერსიტეტის (University of Oxford) პროფესორებს: ბალიოლის კოლეჯის (Balliol College) პროფესორს, ბატონ როჯერ ქაშმორს (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ფიზიკა); წმ. ანტონის (St. Antony College) კოლეჯის პროფესორებს კრისტოფერ გერის (ჰუმანიტარული მეცნიერებები), დენ ჰეილის (ჰუმანიტარული მეცნიერებები), ალან როის (სოციალური მეცნიერებები) და ნილ მაკფარლეინს (სოციალური მეცნიერებები); გლობალური და ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის პროფესორებს ედმუნდ ჰერციგს (ჰუმანიტარული მეცნიერებები), მარკ ბერნეტს (ჰუმანიტარული მეცნიერებები), პოლ ჩასტს (სოციალური მეცნიერებები); ასევე – ბოდლეინის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, ჯილიან ევისონს და მათ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმების ძირითადი ასპექტები გააცნო .

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს, სამეცნიერო მიმართულების პრიორიტეტიზაციისა და სამეცნიერო კლასტერების განვითარების პერსპექტივებს. ბრიტანელმა პროფესორებმა ფონდის გენერალურ დირექტორს გაუზიარეს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცდილება და მზადყოფნა გამოთქვეს რეფორმების გახორციელების პროცესში შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაზე.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შედგა ფონდის გენერალური დირექტორისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰუბერტუს იანის შეხვედრა, სადაც  უნივერიტეტის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა, გამოთქვა სრული მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან (კებრიჯის, ბირმინგემისა და სხვა) საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ინტეგრაციას და მხარი დაუჭიროს საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაციას დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები