გია ვოლსკი: დაძაბულობა, დესტაბილიზაცია და განცდა სტრესული სიტუაციისა – ეს არის სააკაშვილის ამოცანა

“დაძაბულობა, დესტაბილიზაცია და განცდა სტრესული სიტუაციისა – ეს არის სააკაშვილის ამოცანა. სხვა რესურსი, არც საზღვარგარეთ და არც საქართველოში, არ გააჩნია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ბელგიის ქალაქ ლიეჟში დარბაზის სიცარიელე და სხვა მოსაზრების მქონე ხალხისადმი დამოკიდებულება მეტყველებს, რომ მთავარი არ არის ის, რასაც სააკაშვილი ასახელებს – რომ საქართველოში დაბრუნდეს იმ ხალხთან ერთად, ვისაც აქვს რესურსი, ააშენოს ქვეყანა, ან – უკეთესი წინადადება შემოგვთავაზოს. აქ მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი დაპირისპირების ფრონტი შექმნას – მათ შორის, იმ ქართველებში, რომლებიც, პოლიტიკური სიმპათიების განსხვავების მიუხედავად, საზღვარგარეთ მძიმე შრომას ერთად ეწევიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე განცხადებით, საზოგადოებაში რა დამოკიდებულებაც არის, დარბაზში გამოჩნდა: „ახლახან ვიყავი აშშ-ში შეხვედრებზე და ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს შევხვდი. დავდივარ ევროპაში და სააკაშვილი არ გახსენებიათ არც ერთ შეხვედრაზე. ეს არის პრობლემა და ამ პრობლემას სააკაშვილი პასუხობს თავისი სტრატეგიული ე.წ. გეგმით. ვერც ერთი მაღალი დონის ექსპერტი ვერ იტყვის, რომ სააკაშვილს რამენაირი პერსპექტივა აქვს, ან – მხარს უჭერს რომელიმე ქვეყანა. საზოგადოებაში რა დამოკიდებულებაც არის, გამოჩნდა დარბაზში. რაც დარბაზის გარშემო ხდებოდა, ეს ცუდია, რადგან ჩვენი ემიგრაცია ყოველთვის, პოლიტიკური დაპირისპირების ფორმატის მიუხედავად, ცხოვრობდა მხარდამხარ, ერთმანეთის პრობლემების გაზიარებით. სააკაშვილი აქ გამოჩნდა თავისი დესტრუქციული ქცევით და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რას წარმოადგენს პიროვნულად“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები