ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა

„მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა საქართველოს პარლამენტში დავნერგოთ საუკეთესო დასავლური გამოცდილება და პრაქტიკა იმ სფეროში, რასაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების ზედამხედველობა ჰქვია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში”, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მისი განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ დეპუტატებმა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა და ექსპერტებმა უსაფრთხოების სექტორში აღმოცენებულ ახალ საფრთხეებსა და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის მხრივ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრონ, ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარონ და გამოსავლის შესაძლო გზებზე იმსჯელონ.
ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა განსაკუთრებით აქტუალური ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციისა და რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ გახდა.
„საპარლამენტო კონტროლი, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქცია და ასევე, ახალი რეგლამენტი. პარლამენტი ხდება პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური ინსტიტუცია, ცენტრალური რგოლი, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და რეგლამენტის მასშტაბური რეფორმის საფუძველზე, უკვე აღიჭურვა შესაბამისი საზედამხედველო ინსტრუმენტებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და შესაბამის ინსტრუმენტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, გამარტივდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წესი, დაიხვეწა ინტერპელაციის პროცედურა, შემოღებულ იქნა პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, გამარტივდა საგამოძიებო კომისიის შექმნის წესი, შემოღებულ იქნა მინისტრის საათი, ასევე, ოპოზიციას მიენიჭა კომიტეტის სხდომაზე მინისტრების დაბარების უფლება.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციის გაძლიერება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობის მხრივ. ამ კონტექსტში, მან ნდობის ჯგუფის როლზე გაამახვილა ყურადღება.
“ამ უწყებების კონტროლის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მოგეხსენებათ, ნდობის ჯგუფის როლი. ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია, რომ გაუქმდა „ნდობის ჯგუფის შესახებ” კანონი და იქ არსებული რეგულაციები და შესაბამისი ცვლილებები აისახა პარლამენტის რეგლამენტში. კერძოდ, გაიზარდა ნდობის ჯგუფის მანდატი და ის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების ზედამხედველობას. სიახლეს წარმოადგენს აგრეთვე ის გარემოება, რომ ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის თანხმობით, ნდობის ჯგუფის წევრი ან წევრები უფლებამოსილი გახდნენ განახორციელონ ვიზიტები შესაბამის უწყებებში. ასევე, დადგინდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა, შესაბამისი უწყებები, ვალდებული არიან საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო” ნაწილში შეტანის შემდეგ, ნდობის ჯგუფს გააცნონ უწყების სტრუქტურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანების შემცველი საიდუმლო ნორმატიული აქტები”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული დახვეწილი დებულებები ეფექტიანად იქნას გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის ევროკავშირის დელეგაციას, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
„სწორედ ამ მიზანს ემსახურება ასეთი კონფერენციები, შეხვედრები, საუკეთესო პრაქტიკების ურთიერთგაზიარება და გამოწვევების თაობაზე მსჯელობა ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. ამ კონტექსტში მოხარული ვარ, რომ კონფერენციას ესწრებიან შესაბამისი კომიტეტის წევრები, ჩვენი აპარატის თანამშრომლები.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირის დელეგაციას, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, პროექტში მონაწილე პირებს მხარდაჭერისა და მათი ენერგიული ჩართულობისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა საქართველოს პარლამენტში დავნერგოთ საუკეთესო დასავლური გამოცდილება და პრაქტიკა იმ სფეროში, რასაც ქვია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების ზედამხედველობა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ევროკავშირის მიერ საქართველოში უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ხელშეწყობით იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები