გია აბაშიძე: მიშას მორიგ ავანტიურაზე შეკითხვები კიდევ ბევრია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მიხეილ სააკაშვილის ,,ალტერნატიული მთავრობის“ შექმნის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, რეალურად კანონმდებლობაში ალტერნატიული მთავრობის ცნება არ გვაქვს და ყოფილი პრეზიდენტი როგორ აპირებს ამის განხორციელებას, საკითხავია.

,,ჩრდილოვანი [ალტერნატიული] მთავრობა [კაბინეტი] ეწოდება ქვეყნის ისეთ სამთავრობო სისტემას, როდესაც ოპოზიციური გაერთიანების ლიდერის ხელმძღვანელობით ქვეყანაში იქმნება ალტერნატიული მთავრობა. მასში არსებობს სამინისტროები, მთავრობის ოფიციალური თანამდებობების ანალოგიური თითოეული თანამდებობა, რომელზეც დანიშნულნი არიან ალტერნატიული მინისტრთა კაბინეტის წევრები.

ალტერნატიული მთავრობა აღიარებს მოქმედი მთავრობის ლეგიტიმურობას. ჩრდილოვანი კაბინეტი სწორედ იმიტომ იწოდება ჩრდილოვან კაბინეტად, რომ იგი კონსტიტუციურობის ფარგლებში აღიარებს საკუთარ ოპოზიციურობას. მისი ფუნქცია არაა მოქმედი მთავრობის მუშაობისათვის ხელის შეშლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება. პირიქით, მისი მთავარი დანიშნულებაა მოქმედი მთავრობის გადაწყვეტილებების გაანალიზება და მისთვის საკუთარი რეკომენდაციების მიცემა, კონსტრუქციული კრიტიკისა და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების შეთავაზება. მსგავსი ჩრდილოვანი კაბინეტები მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, კანადაში, იაპონიაში, იტალიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, უკრაინაშიც და ბევრ სხვა ქვეყნებში.

ადრე თუ გვიან სასურველი იქნებოდა მსგავსი სისტემის შექმნა საქართველოშიც. რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა პოლიტიკურ პარტიებს, მათ მუშაობას უფრო ქმედითსა და შინაარსობრივს გახდიდა. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით საჭიროა ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან საფუძვლიანი მუშაობა.

თუმცა, ამას წინათ, “ალტერნატიული მთავრობის” იდეა და ისიც ჯერ მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შემოგვთავაზა სამშობლოში ძებნილმა ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა. საქართველოს იმ ყოფილმა მთავარსარდალმა, რომელმაც 2018 წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არმიასა და პოლიციას დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა. და მისმა ნაცმოძრაობამ სატელიტებითურთ, უშედეგოდ სცადა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის არჩევა დელეგიტიმაციის კალაპოტში გადაეყვანა.

აჭარისა და ბათუმის “ალტერნატიული მთავრობის” ინიციატივაზე სააკაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოს რეალურად ხელისუფლება არ ჰყავს. “რეალურად, რაც არის, უბრალოდ რაღაც ბანდერლოგების ჯგუფია”, გვეუბნება ყოფილი პრეზიდენტი.

იბადება ლეგიტიმური შეკითხვები:
– როცა კანონმდებლობაში არ გვაქვს ალტერნატიული მთავრობის ცნება, როგორ აპირებს ამის გაკეთებას სააკაშვილი?
– ნაცმოძრაობის პარტაქტივს დაერქმევა “ალტერნატიული მთავრობა”?
– რატომ დაიწყო აჭარით? ხომ არ ხდება პარტრესურსების ერთგვარი შენიღბული მობილიზება მის მიერ დაანონსებული “ერთად სახლში” პროექტის ფარგლებში? ვგულისხმობ ემიგრანტთა რაღაც ჯგუფთან ერთად საბერძნეთის გავლით, თურქეთში შესვლასა და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან “დიად შემოსვლა-შემოჭრას” სამშობლოში, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის “გარღვევის” სცენარით?

მიშას მორიგ ამ ავანტიურაზე შეკითხვები კიდევ ბევრია, პასუხები კი ჯერ არ გვაქვს.

იმედია, ჩვენი ხელისუფლება აცნობიერებს ამ მცირე, მაგრამ ყურადსაღებ საფრთხეებს და მხოლოდ შიდაპარტიული კინკლაობით არაა დაკავებული…,“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები