ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.
სამინისტროს ცნობით, პროექტით ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობაა გათვალისწინებული. აუზის სიგრძე 50 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე – 25 მეტრი. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობას აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.
ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს, ქუთაისში, ისტორიული უბნისა (მდინარე რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია) და დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაციასაც იწყებს.