ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ კრებებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელ მუშევანში, მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გარე განათების ქსელი მოეწყობა. გარდა ამისა, წელსვე, დაგეგმილია სოფლამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, სოფელში არსებული რიტუალების სახლის კეთილმოწყობა და გარე პერიმეტრის შემოღობვა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ კრებაზე სკოლის რეაბილიტაციის საკითხიც დააყენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, მოსახლეობას განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობას დაპირდა.
სოფლის კრება სოფელ ბალიჭშიც გაიმართა, სადაც მოსახლეობამ მსჯელობის შემდეგ, პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა დაასახელა. წელსვე, მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სოფელში სანიაღვრე სისტემებით გამართულ გზის მშენებლობას გეგმავს, რომლის ღირებულებაც 750 000 ლარს შეადგენს.
მოსახლეობასთან შეხვედრები, დაბა კაზრეთში დასრულდა, სადაც, მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ დაბაში არსებულ კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” გარდა, დაბაში წელს შიდა გზების მოასფალტება, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია და 26 ლიფტის შახტის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.
მოსახლეობამ, სასწრაფო-სამედიცინო პუნქტისა და პროფესიული სასწავლებლის ფუნქციონირების საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაბის მცხოვრებლებს, კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.