გია აბაშიძე: ჩემი ვარაუდით, 2020 წელს „ქართული ოცნება“ სულ სხვა სიით წარდგება

2020 წლამდე, „ქართული ოცნება“, სავარაუდოდ, შეთხელებული შემადგენლობით მივა, და სულ სხვა სიით წარდგება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე წევრი გამოეყოფა.
„მოლოდინი არის ის, რაც იყო მანამდე. დაყოფა იქნება არა მხოლოდ ამ სამი-ოთხი ადამიანის, არამედ სხვებიც, სავარაუდოდ, გამოვლენ უმრავლესობიდან, მაგალითად, როგორც თავის დროზე ბატონი ჭიჭინაძე გამოვიდა. ეს ბუნებრივი პროცესია, რაღაცებზე თანხმდებიან, რაღაცებზე ვერ თანხმდებიან. მაგრამ, უფრო გამაღიზიანებელია ის მომენტი, როცა თითქოს, რაღაც ერთსულოვნება აქვთ, ძალიან წარუმატებლად ცდილობენ, დააჯერონ საზოგადოება, რომ ვითომ ერთსულოვნება და ჰარმონიაა, ამ დროს ამ ჰარმონიას ვერ ინარჩუნებენ საჯაროდ მაინც, რამდენიმე საათის განმავლობაშიც კი. ასე, რომ ეს პოლიტიკური რყევები, შიგნიდან სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, არის ძალიან მწვავე. ღია და საჯარო კრიტიკა არის ერთმანეთის მიმართ, მოდერატორია ბატონი ივანიშვილი.
ველოდები, რომ რამდენიმე ადამიანი ეტაპობრივად გამოეყოფა გუნდს. წარმოუდგენელია ასეთ პირობებში, როცა გუნდში სრული უთანხმოებაა გარკვეულ ადამიანებს შორის და ამასაც ვერ აკავებენ , რომ საჯარო სივრცეში არ გავრცელდეს.
2020-წლამდე, „ქართული ოცნება“, სავარაუდოდ, შეთხელებული შემადგენლობით მივა, ჩემი ვარაუდით, 2020-ში, სულ სხვა სიით წარდგება“- განაცხადა აბაშიძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები