“რეგიონული განვითარების ფონდის” საქმიანობის ფარგლებში, ბევრი ისეთი ფაქტი გამოიკვეთა, რომელიც ისტორიისთვის ცნობილი არ იყო”

“რეგიონული განვითარების ფონდი” უახლოეს პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ეკლესიების, მონასტრების, ტაძრების, სალოცავების, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ილუსტრირებული ალბომის გამოცემას გეგმავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასაუბროდ ფონდის დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, სერგი რუხაძეს დავუკავშირდით:
– როდის დაარსდა “რეგიონული განვითარების ფონდი” და რა წარმოადგენს მის ძირითად საქმიანობას? ასევე საინტერესოა, რატომ შეიცვალა ფონდმა სახელწოდება, როგორც ვიცით, აქამდე ის საქველმოქმედო ფონდი “ივერიელთა ეკლესიის მატიანე” იყო.
– საქველმოქმედო ფონდი 2012 წელს დაფუძნდა. დიახ, მისი სახელწოდება იყო “ივერიელთა ეკლესიის მატიანე”, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ფონდისთვის შეგვეცვალა პროფილი და მრავალპროფილიანი გამხდარიყო, შევუცვალეთ სახელწოდება და ის უკვე “რეგიონული განვითარების ფონდის” სახელით საქმიანობს.
ფონდმა “ივერიელთა ეკლესიის მატიანემ” დაარსების დღიდან სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა, კერძოდ, ხონი-სამტრედიის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) ლოცვა-კურთხევით და თანადგომით, ეპარქიის სასულიერო პირების და მრევლის, საზოგადო მოღვაწეებისა და მოწვეული ისტორიკოსების თანადგომით, 2012 წლიდან დავიწყეთ სამტრედიის უბნებისა და სოფლების შემოვლა, სადაც აღვწერეთ არსებული და ნანგრევებად ქცეული ეკლესიები, მონასტრები, ტაძრები, სალოცავები, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიულ-საგანმანათლებო ცენტრები.
საარქივო მასალებზე დაყრდნობით, შევისწავლეთ მათი წარსული, თუ რომელ საუკუნეში დაარსდნენ, რომელმა საზოგადო პირებმა დააფინანსეს, რომელი სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ სახელების, გვარებისა და წლების მიხედვით.
გამოვაქვეყნეთ წიგნები და ბროშურები, რომლებშიც დაიწერა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია სამტრედიელ და სამტრედიაში მოღვაწე წმინდანებზე: ფილიმონ ქორიძეზე, კალისტრატე ცინცაძეზე, მოწამეობრივად აღსრულებულ ნაზარი ლეჟავაზე, ექვთიმე გაენათელზე, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე დეკანოზ ბესარიონ ჯაშზე და მოწამეობრივად აღსრულებულ დეკანოზ ტროფიმე ცინცაძეზე, ასევე, სხვა სასულიერო და საზოგადო მოღვაწეებზე.
ჩვენი მხარდაჭერით და დაფინანსებით ბევრ ეკლესია-მონასტერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
ჩვენი ხელშეწყობით დაიწერა ზანდოს წმიდა გიორგის, ქუტირის წმიდა გიორგის, ქუტირის წმიდა პანტელეიმონ მკურნალის, წმიდა ნაზარი ლეჟავას და სხვა წმინდანების ხატები, რომლებიც ტაძრებში დავაბრძანეთ, ასლები კი საჩუქრად დავურიგეთ მოსახლეობას.
ფონდისთვის, ასევე პრიორიტეტულია ისტორიული კვლევები სამტრედიაში, რომელიც ეკლესია-მონასტრების, ტაძრების, სალოცავების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიის გაცოცხლებას ისახავს მიზნად.
– რატომ სამტრედიაში? კვლევები მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტს მოიცავს?
– როგორც მოგეხსენებათ, მე სამტრედიაში დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სამტრედიიდან დაწყებულიყო პრიორიტეტული პროექტების განხორციელება, სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ პირველი ყოფილიყო სამტრედია, ვფიქრობ, რომ ეს სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს, რადგან ყველა რაიონსა და რეგიონში არიან ისეთი შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის კვლევა, მათ შესახებ წიგნების და ალბომების გამოცემა.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ მართალია სამტრედიიდან დავიწყეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საქმიანობა სხვა რაიონებს არ შეეხება. დაგეგმილი გვაქვს არაერთი ღონისძიება, როგორც სამტრედიაში, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა კეთდება ფონდის საქმიანობის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის კვლევის კუთხით?
– ამ დროის მანძილზე უკვე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე განხორციელდა. ფონდის ეგიდით შეკრებილ ისტორიკოსთა ჯგუფი კვლევებს აწარმოებს და საარქივო მასალებს იძიებს, რომლის მიხედვითაც, უკვე რამდენიმე წიგნია გამოცემული და მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოცემული წიგნები და მოკვლეული მასალები ალბომად შეიკრას.
ალბომის გამოცემა უახლოეს პერიოდში იგეგმება, პრეზენტაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდება.
ძალიან საინტერესოა ისტორიკოსთა ჯგუფის საქმიანობა, რომლის მუშაობის ფარგლებში კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების შესახებ ბევრი ისეთი ახალი ფაქტი გამოიკვეთა, რომელიც ისტორიისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.
– რაც შეეხება ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებს…
– როგორც უკვე გითხარით, არსებობის მანძილზე ფონდი ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს, მათ შორისაა, სტუდენტების დაფინანსება, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, უმწეობისა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების დახმარება, რამდენიმე ათეულ ადამიანს უკვე დაუფინანსდა ოპერაცია და ა.შ.
ფონდის სამომავლო მიზანია, შექმნას ყველა მუნიციპალიტეტში თავისი წარმომადგენლობები, მოხდეს ყველა მუნიცილაპიტეტში არსებული კულუტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების, მათ შორის ეკლესია-მონასტრების, ტაძრების, სალოცავების, ისტორიის შესწავლა და მათი წიგნებად და ალბომებად გამოცემა.
ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხად მიგვაჩნია ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაცია უცხოელებისთვის, ამ ადგილების ტურისტულ ზონებად გამოცხადება, რადგან ჩვენ ქვეყანას ტურისტული პოტენციალი ნამდვილად გააჩნია და შესაძლებელი იქნება ისეთი ტურების დაგეგვმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აქტუალური და რომელიც სამომავლოდ, შესაძლოა, მნიშვნელოვან ტურისტულ ზონად იქცეს.
– როგორია “რეგიონული განვითარების ფონდის” უახლოესი გეგმები?
– ჩვენს უახლოეს სამომავლო გეგმებში შედის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყება იმისთვის, რომ სხვადასხვა რეგიონის სტუდენტები საქმიანობაში მოხალისეებად ჩავრთოთ, რათა მათ შექმნან საინიციატივო ჯგუფები და მოხდეს მუნიციპალიტეტებში კულტურული კერების აღმოჩენა, ასევე მათი პოპულარიზაცია.
როგორც ვიცით, დღეისათვის სოციალური მედია წარმოადგენს ერთ-ერთ მყარ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ ნებისმიერი ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი და საინტერესო. სტუდენტები, რომლებიც ჩაერთვებიან საქმიანობაში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქართლსა და კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე, ოკუპირებულ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მოახდენენ იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, რადგან მომავალ თაობებს ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა ისტორიული სიმდიდრის მატარებელია საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები