ქუთაისში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი აშენდება
პროექტი, რომლის თანახმადაც, რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს, ევროსტანდარტების შესაბამისია და ის დისკომფორტი, რასაც ახლა განიცდის სამტრედიისა და ნიკეის მოსახლეობა, არ იარსებებს, – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც მან ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის შესახებ ისაუბრა.
პრეზენტაციამდე გუბერნატორმა, მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორთან ერთად, სამტრედიასა და ქუთაისში არსებული ნაგავსაყრელები მოინახულა და ამჟამინდელი მდგომარეობა ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო.
შავლეგო ტაბატაძის შეფასებით, სამტრედიისა და ნიკეის ტერიტორიებზე ნაგავსაყრელების გამო, მოსახლეობა რთულ პირობებში ცხოვრობს, სწორედ ამიტომ, გუბერნატორის თქმით, აუცილებელია ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის აშენება. პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით, ერთ წელში დასრულდება.
“თქვენ საკუთარი თვალით დაინახეთ, რა მდგომარეობაა სამტრედიისა და ნიკეის ნაგავსაყრელზე და როგორ ბინძურდება გარემო მრავალი წლის მანძილზე. ხდებოდა ნარჩენების დაწვა და მიმდებარე დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ფანჯრებს სუნის გამო, დღესაც ვერ აღებს. ხედავთ, რომ ამ ტერიტორიებზე ისევ საშინელი მდგომარეობა არის. დამეთანხმებით, რომ ასეთ ნაგავსაყრელებს ჯობია ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობა, რომელიც იქნება ძალიან მაღალი გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის სტანდარტების და ის დისკომფორტი, რასაც ახლა განიცდის სამტრედიისა და ნიკეის მოსახლეობა, არ იარსებებს. პროექტი, რომლის თანახმადაც, რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს, ევროსტანდარტების შესაბამისია. ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.
რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით, ერთ წელიწადში დასრულდება. მშენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. პროექტი ქუთაისში არსებული ე.წ. ნიკეის ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას ითვალისწინებს:, – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, პროექტს ქართული და გერმანული მხარეები ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განახორციელებენ და პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონი ევრო იქნება.
“პროექტი ქართულ-გერმანული მხარეების ფინანსური თანამშრომლობით ხორციელდება. ადგილობრივ კონტრიბუციასთან ერთად, პროექტის დონორები არიან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF გრანტი. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონ ევროა.
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. 2013 წლიდან დღემდე კომპანიის მფლობელობაში არსებული 54 ნაგავსაყრელიდან კეთილმოეწყო და შესაბამისობაში მოვიდა 31, ხოლო სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 23 ნაგავსაყრელი, ასევე, მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი 5 სადგური”, – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.
ამასთან, შავლეგო ტაბატაძის განმარტებით, ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვის პარალელურად, აღნიშნული სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტებს, კერძო კომპანიებსა და მოსახლეობას ეკისრება.
“ნარჩენების მართვის ახალი სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტებს, კერძო კომპანიებსა და მოსახლეობას. მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა ნარჩენების შეგროვების, სეპარირებისა და რეციკლირების განვითარების ხელშეწყობა. 2019 წლიდან მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ ვალდებულება შემოიღონ ნარჩენების ეფექტური სეპარირების სისტემა, რომელიც 2025 წლისთვის სრულად უნდა დაინერგოს. ახალი სისტემის გამართულად მუშაობისთვის, ასევე, მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მოსახლეობის მიერ ნარჩენების სწორად სეპარირება და განთავსება, კომპანიები და კერძო სექტორი კი ვალდებულნი იქნებიან წარმოებული პროდუქციის შეგროვებისა და რეციკლირების გარემოსთვის უსაფრთხო გზები გამონახონ. სისტემა სახელწოდებით „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“ საქართველოში მომავალი 2 წლის განმავლობაში დაინერგება.
ამ კუთხით ქვეყნის მაsშტაბით 2023 წლისთვის, არსებულ, ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს, 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს. ამ პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონების საცხოვრებელი პირობები. ნარჩენების მართვის კოდექსის და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის სისტემა ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი იქნება”, – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.