ნინო თანდილაშვილი: საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს
“საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს”, -ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის (CEP) 24-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გაეროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის სესიაზე მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ჰაერის დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინა.
აღნიშნული ვალდებულებები – ბათუმის ქმედებები უფრო სუფთა ჰაერისთვის (BACA) – 2016 წელს ბათუმში გამართულ „გარემო ევროპისთვის“ მე-8 მინისტერიალზე მინისტრებმა დაამტკიცეს და ის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ნებაყოფლობითი ღონისძიებების ერთობლიობას წარმოადგენს.
ბათუმის ქმედებები უფრო სუფთა ჰაერისთვის არის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნებს ეხმარება გააუმჯობესონ ჰაერის ხარისხი, დაიცვან ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო ჰაერის დაბინძურებისგან.
საქართველომ ინიციატივის ფარგლებში 7 ნებაყოფლობითი ვალდებულება აიღო შემდეგი მიმართულებით:
● ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება
● საწვავის ხარისხის გაუმჯობესება
● ქ. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება
● ელექტროტრანსპორტისა და ავტომობილების მწვანე მართვის ხელშეწყობა
● გაფრქვევების აღრიცხვის გაუმჯობესება
● ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.
ნინო თანდილაშვილმა ამ მიმართულებებით ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, მისი დაცვის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ახალი პორტალის მნიშვნელობას.