გიგი უგულავა: ძალიან საგანგაშოა დემოკრატიის სრული ეროზია

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ეროზია NDI-ის კვლევაშიც კარგად გამოჩნდა.
მისივე თქმით, სხვადასხვა უწყებაში კორუფციის მაჩვენებელიც საყურადღებო ფაქტია. „როგორც ცნობილია, ეს კვლევა ჩატარებულია უშუალოდ არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი არის ის, რაც პარტიებმა მიიღეს არჩევნებზე. ამ კონკრეტულ არჩევნებზე საზომად, ალბათ, პირველი ტურის შედეგები უფრო გამოდგება, სადაც “ევროპული საქართველო” დაფიქსირდა როგორც მესამე პოზიციაზე მყოფი პარტია და ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო იმისთვის, რომ ეს დისპოზიცია შეიცვალოს და ჩვენი ამომრჩეველი დავარწმუნოთ.
ამიტომ, ამ კვლევის მთავარი მიგნება და უბედურება არის ის, რომ არნახულად მაღალი და გამჯდარია კორუფციის ინდექსი. უწყებების, თვითმმართველობების მიხედვით, უკვე კატასტროფამდეა მისული. თუ დავაკვირდებით დინამიკას კორუფციის აღქმის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 2003 წლიდან მოყოლებული. ასევე, ძალიან საგანგაშოა დემოკრატიის სრული ეროზია. მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის არაფორმალური მმართველობის პირდაპირი შედეგი, სადაც ყველაზე გავლენიან ადამიანს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს, არც პარლამენტის მიმართ და არც საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ჩამოვყალიბდით და სამწუხაროდ, ჩვენმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ საქართველო ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ ქვეყანად და ეს NDI-ის კვლევაში ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის ეროზიაზე”,- განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები