ირაკლი სესიაშვილი: კანადის პარლამენტის რეზოლუციაში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაა ხაზგასმული

„მადლობა მინდა გადავუხადო კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერი რეზოლუციისათვის“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის რეზოლუციას, რომელიც 2018 წლის 4 დეკემბერს მიიღეს.
ირაკლი სესიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის მოკავშირე და მხარდამჭერია, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.
„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო არენაზე კანადა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოკავშირე და მხარდამჭერია, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. შესაბამისად, მადლობა მინდა გადავუხადო კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერი რეზოლუციისათვის. რეზოლუციაში ხაზგასმულია 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უკანონო ოკუპაცია, რაც მორიგი საერთაშორისო დოკუმენტია, სადაც აღნიშნულია რუსეთის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობა, მოსახლეობის უფლებების დარღვევისა და მათი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის წევრის განმარტებით, რეზოლუცია ასევე მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში და ამ კუთხით, კანადის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას წარმოადგენს.
„რეზოლუცია მოუწოდებს კანადის მთავრობას, გაავრცელოს კანადის პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოეთის კორუმპირებული მთავრობების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის“ კანონით დაწესებული სანქციები საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში ბრალდებულ პირთა მიმართ, რაც პირდაპირ ეხმიანება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას.
საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რეზოლუცია მოუწოდებს კანადის მთავრობას, ლობირება გაუწიოს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჩართულობას და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატო-ში ინტეგრაციას. ასევე, მოუწოდებს თავდაცვის სფეროში შეთანხმების გაფორმებისკენ, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შეუქმნის თავდაცვის სფეროში ურთიერთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.
ამასთანავე, რეზოლუცია მოუწოდებს კანადის მთავრობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავებაში, განსაკუთრებით, სამთავრობო სტრუქტურებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებთან და მედიის მეშვეობით უცხოური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისათვის, კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კანადის „მაგნიტსკის აქტის“ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განმახორციელებელი პირების მიმართ გავრცელებაზეც არის საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები