თამარ ჩუგოშვილი: აშშ-ს მხრიდან საქართველოს სრულიად უპირობო მხარდაჭერა აქვს ყველა მიმართულებით

„საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრულიად უპირობო მხარდაჭერა აქვს ყველა მიმართულებით – ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების, საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის კონგრესში გამართული შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ჯერი კონოლისთან და ადამ კინზინგერთან და ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის” თავმჯდომარის მოადგილესთან, დევიდ პრაისთან.
„ჩვენ შევხვდით კონგრესის სამ ძალიან მნიშვნელოვან წევრს. სამივე მათგანი ჩვენს ქვეყანს ძალიან კარგად იცნობს, ბევრჯერ არიან საქართველოში ნამყოფი და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჯერი კონოლისთან და დევიდ პრაისთან ძალიან საინტერესოა ყოველთვის საუბარი პარლამენტის გაძლიერებაზე, პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებაზე, საარჩევნო თემებზე, საარჩევნო რეფორმებზე და ა.შ. რასაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ მათთან თანამშრომლობით, ამერიკულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ისინი ყოველთვის გვეხმარებიან ამ პროცესში”,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის” თავმჯდომარის მოადგილემ, დევიდ პრაისმა შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ საუბარი შეეხო კანონპროექტს „საქართველოს მხარდამჭერის აქტის”, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
„ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ მიმდინარე წელს ვეწვევით საქართველოს და შევძლებთ უფრო დეტალურად ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს გამოწვევებზე. ვიცით, რომ საქართველოს, ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, აქვს პრობლემები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას უსმენენ საქართველოში, დაცულია კანონის უზენაესობა, მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა. მე მხარს ვუჭერ ამ პროცესებს”,- განაცხადა დევიდ პრაისმა.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის განცხადებით საქართველოს დელეგაციამ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნაში მიმდინარე წარმატებული რეფორმების თაობაზე. მისივე თქმით საქართველოს აქვს ორ პარტიული მხარდაჭერა.
„როგორც საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ახალი ხელმძღვანელი ძალიან მოხარული ვარ ამ შეხვედრის. მე უკვე ორჯერ ვესტუმრე საქართველოს და კვლავაც ჩამოვალ. ჩვენ კარგად გვესმის საქართველოსთან მეგობრობის მნიშვნელობა და ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას. ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ ჩვენ პოლიტიკურად დაყოფილები ვართ – დემოკრატებად და რესპუბლიკელებად, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ ერთიანი ვართ საქართველოს მხარდაჭერაში. ჩვენ ასევე კარგად გვესმის ის როლი, რასაც რუსეთი თამაშობს მსოფლიოში და ეს არ არის დადებითი როლი. რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას, საქართველოს ერთგული მეგობრები ყავს, ისევე როგორ დემოკრატებში, ასევე რესპუბლიკელებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,- აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები