ჯერი კონოლი: საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში

„საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში“, – ამის შესახებ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ჯერი კონოლმა განაცხადა.
როგორც ჯერი კონოლმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დისკუსია რეგიონში საქართველოს პროგრესის საკითხს და სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს შეეხო.
მისივე თქმით, საქართველო რეგიონში მაგალითი და მენტორია სომხეთის რესპუბლიკისთვის, რომელსაც დემოკრატიული განვითარება და წინსვლა სურს.
„შეხვედრაზე მოვისმინეთ ინფორმაცია საქართველოს პროგრესის, დემოკრატიის განვითარების თაობაზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ, ასევე, სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში, თუნდაც ისეთი ქვეყნისათვის, როგორიცაა სომხეთი, რომელსაც წინსვლა და დემოკრატიული განვითარება სურს. ჩვენ ვისაუბრეთ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, აქ მიმდინარე მოვლენებზე და იმედი გამოვთქვით, რომ „house democracy“ პროექტი, რომელიც კონგრესმენებისგან შემდგარი ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იმ საპარლამენტო რესპუბლიკებთან თანამშრომლობს, რომლებსაც სურთ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ ვეწვევით საქართველოს გაზაფხულზე. თუკი ევროპის სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დემოკრატია შეიძლება მყიფეც იყოს და ასევე მტკიცეც, და თუკი არ არსებობს ფუნდამენტური მზაობა და ნება დემოკრატიისკენ სწრაფვისა, დემოკრატია გაუარესდება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რის გაკეთება შეგვიძლია, რომ ესე არ მოხდეს საქართველოში. მე მოხარული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ საქართველოს პარლამენტში კარგად ესმით. მათ ესმით და პატივს სცემენ ოპოზიციას და პატივს სცემენ არჩევნების შედეგებს, რადგან ეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ქვაკუთხედებია – პატივი ვცეთ შედეგებს მაშინაც კი, თუკი ჩვენ ეს არ მოგვწონს. მე ხელახლა წარვადგინე კანონპროექტი, რომ გამომეხატა კონგრესის მხარდაჭერა საქართველოსადმი, ქართველი ხალხისა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი ახალ კონგრესში გავა”, – განაცხადა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
საპარლამენტო დელეგაციაში არიან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე – ელენე ხოშტარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები