სოფიო ქაცარავა ჯონ ბოლტონზე: მისი სახით საქართველოს ჰყავს კარგი მეგობარი და მტკიცე პარტნიორი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციაში ასეთი მაღალი პოზიციისა და გავლენის მქონე პოლიტიკოსი, როგორიც ჯონ ბოლტონია, კარგად აცნობიერებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
როგორც ქაცარავამ აღნიშნა, ჯონ ბოლტონის სახით, საქართველოს ჰყავს კარგი მეგობარი და მტკიცე პარტნიორი.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციაში ასეთი მაღალი პოზიციისა და გავლენის მქონე პოლიტიკოსი, როგორიც ჯონ ბოლტონია, კარგად აცნობიერებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების განვითარებას. მისი სახით, საქართველოს კარგი მეგობარი და მტკიცე პარტნიორი ჰყავს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უსაფრთხოების მიმართულებით, მართლაც უპრეცედენტო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რაც კიდევ უფრო უნდა გამყარდეს.
ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის აღიარების საკითხს რაც შეეხება, ეს იყო ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილება. უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელას საკითხი მხოლოდ ერთია იმ მრავალრიცხოვან გლობალური მნიშვნელობის გადაწყვეტილებებსა და საკითხებს შორის, რომლებზეც აშშ-ს და საქართველოს სრული თანხვედრა აქვთ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საქართველოს მიერ ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო, მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.
„გუშინ ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რათა მადლიერება გამომეხატა საქართველოს მიერ ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების შესახებ. განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება“, – აღნიშნულია ჯონ ბოლტონის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები