რატი იონათამიშვილი: NDI-ის კვლევებს მმართველი გუნდი პასუხისმგებლობით ეცნობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, “ენდიაიმ” პოზიტიურად ასახა ის რეალობა, რაც არჩევნების შემდეგ დადგა.
რაც შეეხება კვლევის იმ ნაწილს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას აფასებს და ამომრჩეველთა 62 პროცენტი საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს, რატი იონათამიშვილს კვლევის ამ მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეაქვს.
„მმართველი გუნდი “ენდიაი”-ს კვლევებს პასუხისმგებლობითა და ინტერესით ეცნობა. უნდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკმაოდ მაღალი რეიტინგით შეფასდა და ასევე, საკმაოდ მაღალი რეიტინგით არის ნდობა სალომე ზურაბიშვილისადმი, როგორც საგარეო, ისე ადგილობრივი საკითხების მიხედვით. ვფიქრობ, ეს არის ძალიან პოზიტიური და ასახავს იმ რეალობას, რაც არჩევნების დღეს დადგა.
პარლამენტში ძირითადად შშმ ადამიანების პრობლემებზე ვმუშაობ და მათთან მიხდება ურთიერთობა აბსოლუტურად ყველა სამაჟორიტარო ოლქში. უკუკავშირი ძალიან მაღალია. მაღალია შეხვედრებზე დასწრების მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად ის ადამიანები, ვისაც განსაკუთრებით სჭირდებათ უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით ზრუნვა, ძალიან ახლოს არიან ჩვენს მაჟორიტარებთან, რაც აბსოლუტურად საპირისპიროდ არის აღნიშნული ამ კვლევებში. მიღრმავებს იმის სკეპტიციზმს, რომ ეს ნაწილი კვლევებში მიკერძოებულად არის წარმოჩენილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.