კლერ მუდი: ეჭვი არ მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება პრიორიტეტულია

ევროპის კავშირის დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებსაიტი „ევროაქტივი“ (Euroativ) ევროპარლამენტარ კლერ მუდის სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტია შეფასებული. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო თავის პრეზიდენტთან ერთად კვლავ წინ მიიწევს.
ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაზე შეთანხმების მიღწევა შეძლო და საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დასაახლოებლად ძალისხმევას არ იშურებდა.
„1918 წელს საქართველოში ყველა ქალს მისცეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ეს თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოზე ადრე მოხდა. ერთი საუკუნის შემდეგ, საქართველომ აირჩია ქალი პრეზიდენტი, რითაც პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით, კვლავ მოწინავე რიგებშია.
​როგორც ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, დემოკრატიის განმტკიცებაში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაში, საქართველომ ბრწყინვალე პროგრესს მიაღწია. ბევრს იმედი აქვს, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია. ეჭვი არ მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგში ეს საკითხი პრიორიტეტულია და ის გააგრძელებს მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ, გააკეთებს ყველაფერს ამ მიზნების მისაღწევად“, – წერს ევროპარლამენტარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები