თამარ ჩუგოშვილი: გამართული შეხვედრები გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ს კონგრესში მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება
„ძალიან პოზიტიური გამოხმაურება, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ კონგრესში გამართული შეხვედრების შემდეგ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ საკანონმდებლო ორგანოში -კონგრესში უფრო გაძლიერდება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა კონგრესის ახლადარჩეულ წევრებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს ახლადარჩეულ კონგრესმენებს: მაიქელ გესტს, რას ფიჩერს და სილვია გარსიას შეხვდა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამერიკის კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდა.
„პირველ რიგში, ჩვენ გვქონდა შეხვედრები კონგრესში ჩვენს კოლეგებთან, ახლადარჩეულ კონგრესის წევრებთან, რომლებსაც ამ ეტაპამდე მცირე ინფორმაცია ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის შესახებ, მაგრამ ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იყოს ძლიერი, ისევე როგორც კონგრესის ბევრი სხვა წევრის. ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული – მხარს გვიჭერენ, როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები და შესაბამისად, ახლადარჩეული კონგრესმენების, კონგრესის წევრი ქალების მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.
სწორედ ეს შეხვედრები გვეხმარება, რომ ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში დარჩეს ისეთი ძლიერი როგორიც ტრადიციულად ჩვენი ქვეყნის მიმართ იყო.
დღეს ჩატარებული შეხვედრები ძალიან პოზიტიურად შემიძლია შევაფასო და შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები, ვისაც ველაპარაკე ნამდვილად შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ვიზიტის პირველ დღეს, საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს ბროკ ბირმანს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს დენიელ ტვინინგს და ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდნენ.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსთან თანამშრომლობა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა.
„გვქონდა შევედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან, რომლებიც წლებია მილიონობით ამერიკულ დოლარს ხარჯავენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და შესაბამისად, მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, გაჟღერდა სურვილი და ამოცანა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა და საქართველოს მხარდაჭერა. ასევე, გვქონდა შეხვედრა იმ ორგანიზაციების წარმომადგენელებთან, რომლებიც წლებია საქართველოში მუშაობენ. ეს არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“. ეს ორივე ორგანიზაცია არასამთვარობო ორგანიზაციაა, ისინი სახელმწიფო უწყებებს არ განეკუთვნებიან, თუმცა აქტიურად მუშაობენ ჩვენს ქვეყანასთან და ბუნებრივია, რომ ძალიან კარად იცოდნენ რა მოვლენები ვითარდება ქვეყანაში და როგორ მივდივართ წინ“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.