“კახეთის გზატკეცილი, ყველანაირი თვალსაზრისით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა”
„კახეთის გზატკეცილი, ყველანაირი თვალსაზრისით, სტრატეგიული მნიშვნელობის გზაა, რომლის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, 2019 წელს 45 მილიონი ლარი დაიხარჯება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, განახლდება გამწვანება, განათების ბოძები და დამონტაჟდება ევროპული ტიპის LED-სანათები.
„სტუმარი, რომელიც თბილისში ჩამობრძანდება, ამ გზით შემოდის ქალაქში. ეს გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ დავიწყეთ მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო გზის მოწესრიგება. მიწის ქვემოთ არსებული ყველა კომუნიკაცია უკვე შეცვლილია – საკანალიზაციო, სანიაღვრე, წყლის მილები მთლიანად განახლდა. პირველ რიგში ეს სამუშაოები იმის გამო გავაკეთეთ, რომ მოძრაობა გარკვეულწილად შეიზღუდება, ვინაიდან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ამ პროექტის ფარგლებში განახლდება გამწვანება, განათების ბოძები, დამონტაჟდება ევროპული ტიპის LED-სანათები, რომელიც ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 45 მილიონი ლარი დაჯდება, 7 მილიონი დაიხარჯება გარე განათების მოწესრიგებაზე და 7 მილიონზე მეტი მოხმარდება მწვანე სივრცეების მოწყობას. ეს პროექტი 2019 წელს დასრულდება. საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია, თუმცა დამეთანხმებით, ჩვენი ქალაქისთვის ყველა ამ პროექტის განხორციელება აუცილებელია“, – განაცხადა კალაძემ.