ზესტაფონში, სოფლის საერთო კრებებს იმერეთის გუბერნატორი და მაჟორიტარი დეპუტატი დაესწრნენ

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება. ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც სოფელ მეორე სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის მხარის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი – შალვა კიკნაველიძე ესწრებოდნენ.
სადგურ სვირსა და მეორე სვირში მოსახლეობის ინტერესები გარეგანათებებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას; ასევე, შიდა საუბნო გზების აღდგენას უკავშირდებოდა. პრიორიტეტები ორივე უბანში ხმათა უმრავლესობით გადაწყდა.
„ამ პროექტის არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან მოსახლეობა თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სჭირდება. ამას გარდა არსებობს სხვა პროექტებიც, რომლებსაც მუნიციპალური განვითარებისა და რეგიონული განვითარების ფონდები აფინანსებს და უფრო ფართომასშტაბიანია. მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხელისუფლებისთვის უფრო ნათელი ხდება თითოეული სოფლის საჭიროება“, – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოცდაათამდე სოფელში უკვე ჩატარდა საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები. პროცესი 5 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები