“თურქმა მესაზღვრეებმა ეს შეამჩნიეს, გამოეკიდნენ ქართველ ბიჭს…” – ფეისბუქმომხმარებელი სარფის საბაჟოზე მომხდარ ინციდენტზე წერს
ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი სოციალურ ქსელში სარფის საბაჟოზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ის წერს, თურქმა მესაზღვრეებმა გონიოს მკვიდრი ძალის გამოყენებით დააკავეს და მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
“გავრცელდა ინფორმაცია სარფის საბაჟოზე მომხდარ ინციდენტზე სადაც დაპირისპირება მოხდა თურქ მესაზღვრეებსა და ქართველ მესაზღვრეებს შორის.
მიზეზი ამ დაპირისპირების ყოფილა ქართველი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც დეპორტი ჰქონია თურქეთის სახელმწიფოსგან და ის ცდილობდა გადაპარვას,რა დროსაც თურქმა მესაზღვრეებმა ეს შეამჩნიეს გამოეკიდნენ ქართველ ბიჭს, ქართველმა შეძლო ნეიტრალურ ზონაში ქართველ მესაზღვრეებთან მისვლა, რა დროსაც თურქი მესაზღვრეები სპეციალური გაზით შეიარაღებული დაესხნენ თავს ქართველ მესაზღვრეებს და ძალის გამოყენებით გაიტაცეს მათ ტერიტორიაზე ეს ახალგაზრდა კაცი სადაც ის სასტიკად სცემეს!
თურქებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ბიჭი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს თურქეთის საავადმყოფოში არავინ იცის ცოცხალია თუ მკვდარი ეს ახალგაზრდა! მხოლოდ ის ვიცით რომ გონიოს მკვიდრია! დანარჩენ ინფორმაციას ვცდილობთ გავარკვიოთ.
არც ერთმა ტელეარხმა არ გააშუქა ეს ამბავი არადა დილას მოხდა. 3 სთ დაკეტეს საზღვარი ამ ინციდენტის გამო!
რა ხდება ვინმე ოფიციალური პირი თუ აგვიხსნის?!მერამდენე ფაქტია თურქი მესაზღვრეების მხრიდან ძალადობის და ახლა უკვე ქართველ მესაზღვრეებსაც დაესხნენ თავს?!
გაგვარკვიეთ რა ხდება შსს?!”, -წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი.
“კვირა” გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული მამაკაცი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება და მას სამართალდამცველები ჰკითხავენ.
“თურქეთის ტერიტორიაზე დაკავებული მამაკაცი უკვე საქართველოს ტერიტორიაზეა. ფაქტის შესწავლის მიზნით მას ქართველი სამართალდამცველები სარფში ჰკითხავენ”, -აცხადებენ უწყებაში.
ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
