„როგორც ერი, ვართ გადაშენების პირას“ – ზვიად ტომარაძე პარლამენტში დემოგრაფიული საბჭოს შექმნას ითხოვს

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფო“ პარლამენტში დემოგრაფიული საბჭოს შექმნის მოთხოვნით გამოდის. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზვიად ტომარაძემ და წევრებმა, დავით ნოზაძემ და ირაკლი აბაშიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

„დღეს ვაპირებთ, პარლამენტში შევიტანოთ წერილი, სადაც ვითხოვთ, რომ პარლამენტმა შექმნას დემოგრაფიული საბჭო. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო, სადაც 17 წევრია. ეს საბჭო განიხილავს ხოლმე გენდერულ საკითხებს. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მთავარი საკითხი არის დემოგრაფიული პრობლემები, კატასტროფა, რაც გვაქვს დემოგრაფიული კუთხით. როგორც ერი, ვართ გადაშენების პირას, ამაზე გაერომ ჯერ კიდევ 2010 წელს გვითხრა. სამწუხაროა, რომ დღემდე, ამ კუთხით, პრიორიტეტებში არ არის შესული, არც საბჭოა შექმნილი, ამაზე ცალკეული დეპუტატების გარდა, არ საუბრობს ხელისუფლება.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა დემოგრაფიული საბჭო უნდა შექმნას, სადაც მოხდება ამ უმწვავესი პრობლემის შესახებ საუბარი და კონკრეტული გზების დასახვა.
დემოგრაფია მარტო შობადობა და წახალისება არ არის, ასევე არის ჩვენი ემიგრაცია. თუნდაც ფერეიდნელი ქართველები და ქვეყნის გარეთ მცხოვრები ხალხი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ. თუნდაც, მრავალშვილიანობის საკითხები, როგორ გავზარდოთ შობადობა. სწორედ ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს დემოგრაფიულმა საბჭომ“, – განაცხადა ტომარაძემ.

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე საკანონმდებლო ორგანოს რეაგირება ექნება.

„ჩვენ, დღეს შევიტანთ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილს და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტს ამაზე რეაგირება ექნება. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ „ქართული ოცნების“ წიაღში არიან დეპუტატები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ, იგივე დიმიტრი ხუნდაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და სხვა დეპუტატები. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი დეპუტატების უმრავლესობას აწუხებს. თუ აწუხებთ, წუხილი მხოლოდ საუბარი არ არის, ქმედებებში უნდა გამოიხატოს“, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები