ლევან კობერიძე: არავის გარიცხვის თემა დღის წესრიგში არ დგას
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ გუნდიდან რომელიმე წევრის გარიცხვის თემა დღის წესრიგში არ დგას.
როგორც კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეჯერებული გადაწყვეტილება გუნდის ერთიანობით იქნეს მიღებული.
„ნამდვილად არ ყოფილა არც საყვედური და არც დაყოფა. მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა იყო მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ იდეალური გამოსავალი ამ სიტუაციიდან, ალბათ, არის ის, რომ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებმა, ვინც ხმა მისცა იმ ათ კანდიდატს, თავისი ნებით დატოვონ თანამდებობები. ხელახლა მოხდეს, შესაბამისი პროცედურით, წევრების წარმოდგენა და პარლამენტმა აირჩიოს. ეს იყოს ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს იუსტიციის საბჭოს წევრების მიმართ, შემდგომში არ გახდეს პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი. აქ ყველამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. იმედი მაქვს მივაღწევთ საერთო პოზიციას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.