გია ვოლსკი გუნდში არსებულ ვითარებაზე: სიტყვა “ამბოხებულის” შემომტანს შენიშვნა უნდა მივცე
ნებისმიერი თემა, რომელზეც ჯგუფი ვერ შეთანხმდება, ადამიანურ ურთიერთობებს არ ეხება, შეიძლება, ჯგუფი გაიყოს, მაგრამ სიტყვა “ამბოხებული” ვინც შემოიტანა, შენიშვნა უნდა მივცე, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვოლსკის თქმით, უმრავლესობის წევრების და პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რომ გუნდის წევრების მოსაზრებები მაქსიმალურად დაახლოვდეს.
„გვქონდა პრეტენზია გუნდურობასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია ისევ მაქვს. ახლა ეს არის არსებითი თემა. არსებითია გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მივიღოთ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და რომლებიც უნდა მივიღოთ პოლიტიკურ ჭრილში, თუ რა სჭირდება ქვეყანას სტაბილურობისთვის. ნებისმიერი თემა, რომელზეც ჯგუფი ვერ შეთანხმდება, ადამიანურ ურთიერთობებს არ ეხება, შეიძლება, ჯგუფი გაიყოს, მაგრამ სიტყვა “ამბოხებული” ვინც შემოიტანა, შენიშვნა უნდა მივცე. ასე არ არის. განსხვავებული აზრები არსებობს. ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის მიზანია, აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.