გია ვოლსკი: ოპოზიცია მონდომებულია, შეარყიოს სასამართლო, რომელმაც ისინი გაასამართლა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას, რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია. როგორც მან განაცხადა, აზრთა სხვადასხვაობა იყო იმაზე, რომ მოსამართლეთა თემის განხილვის პროცესის გაჯანსაღება, რომელიმე ჯგუფის პრეროგატივა ყოფილიყო.
„დღეს არ ყოფილა შეხვედრა, რომელმაც კონკრეტული შედეგები მოიტანა. თავიდანაც და დღესაც აზრთა სხვადასხვაობა რჩებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ განხილვის პროცესის გაჯანსაღება რომელიმე ჯგუფის ხელში ან ვინმეს პრეროგატივა არ ყოფილიყო, რაც თავიდან გაცხადდა და ამაზე ჩემი განსხვავებული პოზიცია მქონდა. დღესაც დაფიქსირდა ეს პოზიციები.
არის საფრთხეები. ეს საფრთხეები ჩვენს თვალწინ ძალიან კარგად იშლება. ეს დესტაბილიზაციაა, ეს არის ოპონენტებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მონდომება, რომ რეალურად, შეარყიონ სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით, რომელსაც გუშინ მხარს უჭერდნენ, და ამ სასამართლოს მიერ თავადვე იქნენ გასამართლებული.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს, ქვეყანას რყევა არ ემუქრება“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გუნდში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
„საზოგადოებას ყოველთვის პატივს ვცემდით და მომავალშიც ასე იქნება. პოზიციას დავაფიქსირებთ და პოლიტიკას არ შევცვლით. რასაკვირველია, მეტი ეთიკა და თავდაჯერებულობა მოგვეთხოვება ჩვენს განცხადებებში და არა ერთმანეთის მიმართ არაეთიკური გამონათქვამები, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ განსხვავებული აზრები არსებობს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.