“საზოგადოებას წარვუდგენთ „ბავშვის კოდექსს”, რომელზეც გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ვიმუშავეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”

ბავშვთა უფლებების უზრუნველყოფის ყველა სეგმენტის გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა.
როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე „ბავშვის კოდექსის” და სოციალურ რეფორმასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს.
„მოხარულები ვართ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდს საქართველოში ჰყავს ისეთი კარგი დიპლომატი და წარმომადგენელი, როგორიც ბატონი ღასან ხალილია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რამდენიმე მიმართულებით. 4 თებერვალს საზოგადოებას წარვუდგენთ „ბავშვის კოდექსს”, რომელზეც ერთად ვიმუშავეთ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების უზრუნველყოფის ყველა სეგმენტის გათვალისწინებით. იმისათვის, რომ მომავალში გვქონდეს ძლიერი საზოგადოება, სწორედ ბავშვებზე ზრუნვით უნდა დავიწყოთ და საფუძველი ჩავუყაროთ მათ სათანადო დაცვას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ბავშვის კოდექსი”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მისივე ინფორმაციით, არის კიდევ ბევრი საკითხი, რომელთან მიმართებითაც კომიტეტი გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობს.
„დღეს, ასევე, ვისაუბრეთ იმ ღონისძიების თაობაზე, რომელსაც სოციალური მუშაობის რეფორმასთან დაკავშირებით ერთად ვაკეთებთ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ეს იქნება ქართული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გატანა საზღვარგარეთ, თუ რას ვაკეთებთ ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისთვის” , – აღნიშნა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები