თამარ მოდებაძე საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან შეკვეთებს იღებდა – ვინ იყო მოკლული ემიგრანტი
არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტთა იმედის” ხელმძღვანელი, შოთა სიხარულიძე იტალიაში, ნაპოლში მოკლული ქართველი ემიგრანტის, მხატვარი თამარ მოდებაძის წარმატებების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, გარდაცვლილი საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან მუდმივად იღებდა შეკვეთებს.
იგი მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
“შოთო სიხარულიძე – ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო, აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი – ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა, როცა ქართველი გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო, ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”.
ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის. დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები” ჰქვია. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა, რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა.
თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებულია დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა “მისტიკური მზერა” დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.
იგი საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან მუდმივად იღებდა შეკვეთებს.
თამარ მოდებაძის ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში, სადაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მისი ბიოგრაფია უცხოურ კატალოგებშია შეტანილი. 2015 წელს მხატვარი კვიპროსიდან საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო მილანში MAD გალერეაში გამართულ გამოფენაში, სადაც მის ორ ნამუშევარს – “მღელვარე ზღვა” და “ხუთი განზომილება” ხელოვნებათმცოდნეებმა მაღალი შეფასება მისცეს. მიუხედავად სერიოზული აღიარებისა, ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, საკუთარ თავზე ლაპარაკი მართლა უჭირდა და თვლიდა, რომ ნიჭიერება და ადამიანობა უბრალოებაშია…
თამარ მოდებაძე: შინაგანად ყოველთვის ქართველი ვარ და ქართველად დავრჩები. ჩემი ქართული ბუნება და ხასიათი ვერც იტალიამ შეცვალა და ვერც კვიპროსმა.
ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემს ქვეყანაში საკუთარი სახელოსნო მქონოდა და იქ მემუშავა.
– რომელია კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად უსვამთ?
— როდის შევძლებ საქართველოში დაბრუნებას?.. “, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, იტალიაში, ნაპოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დამნაშავე ასევე ქართველია.