“თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს”
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში შეხვედრებს აგრძელებს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს, მინისტრმა ასევე კომენტარი “Eurasia in a New Global Context”, პანელზე გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი და ჟურნალისტებს მოკლედ გააცნო ის საკითხები, რაზეც მამუკა ბახტაძე ყურადღებას გაამახვილებს.
„ყურადღებას გავამახვილებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს. ხაზი გაესმევა საქართველოს გეო-სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციის მქონე ქვეყანას. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდება და რომელსაც ძალიან კარგი მაჩვენებლებიაქვს ეკონომიკური კუთხით. ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე, სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი განმარტებით, პრემიერი ასევე ისაუბრებს სამშვიდობო პოლიტიკაზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
„საუბარი შეეხება სამშვიდობო პოლიტიკას. აუცილებელია, რომ გარე რისკები და საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რათა ქვეყანაში შეიქმნას განვითარების შესაძლებლობა. თუ არ იქნება სტაბილურობა, არ იქნება განვითარება, არ იქნება ეკონომიკური პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ყველა ამ საკითხზე და სასურველია, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო წარსდგეს იმ ეკონომიკური უპირატესობებით, რაც მას რეგიონში გააჩნია”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორისგამართულ შეხვედრაზე, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, მრავალი მიმართულებით. მისი განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პროექტებს, რომელსაც ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით ახორციელებენ.
„ვისაუბრეთ სატრანსპორტო პროექტებზე და იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანში ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ ამ მიმართულებით შესაძლებლობები ფართოვდება. ვისაუბრეთ TANAP-ის პროექტზე და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც ძლიან მნიშნელოვან როლსა და ფუნქციას ასრულებს. მსოფლიოში აღნიშნული მიმართულებით დიდი კონკურენცია არსებობს. ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი მარშუტების წინა პლანზე წამოწევას, შესაბამისად საჭიროა საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი ძალებით იმოქმედონ, რომ აღნიშნულმა სატრანსპორტო მაგისტრალებმა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.