სერგეენკო წითელას ვირუსზე: თუკი რომელიმე სკოლაში იქნება გაზრდილი მაჩვენებელი, იმ კონკრეტულ სკოლაში ოთხი დღით შეწყდება სწავლა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სწავლის შეჩერების აუცილებლობა არ არის.
როგორც სერგეენკომ განაცხადა, თუკი რომელიმე სკოლაში წითელათი ავადობის მაჩვენებელი გაიზრდება, იმ კონკრეტულ სკოლაში სწავლა ოთხი დღით შეწყდება.
„სწავლის შეჩერების ჩვენება არ არის. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს პროტოკოლი, რომლითაც სკოლების მონიტორინგი ხდება. თუკი რომელიმე სკოლაში იქნება გაზრდილი მაჩვენებელი, იმ კონკრეტულ სკოლაში ოთხი დღით შეწყდება სწავლა, ასეთი ეპიდემიოლოგიური კალენდრები არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, თუ მოქალაქეები დარწმუნებულები არ არიან, რომ გადატანილი აქვთ წითელა ან გაკეთებული აქვთ აცრა, ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ.
„თუკი დოკუმენტურად იცით, თქვენი ბავშვობის ანკეტა გაქვთ ნანახი, სადაც წერია, რომ ორჯერადი აცრა გაქვთ გაკეთებული, ახლა საჭირო არ არის. თუკი დოკუმენტურად გიწერიათ, რომ წითელა გადატანილი გაქვთ, აცრა საჭირო არ არის, სხვა შემთხვევაში, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ გადატანილი გაქვთ წითელა ან გაქვთ თუ არა გაკეთებული აცრა, მაინც უნდა გაიკეთოთ. ეს ზედმეტი არ იქნება, მაგრამ გარანტირებულად დაგიცავთ. ვაქცინა ყველასთვის უფასოა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები