რომან კაკულია: დემოკრატიული პროცესები არ არის ერთჯერადად მოსაგვარებელი საკითხი იმ წარსულის მქონე ქვეყანაში, რომელიც ჩვენ გვაქვს
ჩვენც ვაღიარებთ, რომ დემოკრატიასთან მიმართებაში ყველაფერი იდეალურად შეიძლება არ იყოს დღეს, თუმცა დრამატულ და რადიკალურ შეფასებას ვერ დავეთანხმები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა რომან კაკულიამ “ფრიდომ ჰაუსის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თაობაზე განაცხადა.
კაკულიას თქმით, დემოკრატიული პროცესები არ არის ერთჯერადად და მყისიერად მოსაგვარებელი საკითხი, ისეთი ეკონომიკური განვითარებისა და იმ წარსულის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
“განცხადება, რომელიც “ფრიდომ ჰაუსის” წარმომადგენელმა გააკეთა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, თუმცა პოლიტიკურად მიუკერძოებელმა ადამიანმა ოთხ ძირითად ფაქტორს უნდა მიაქციოს ყურადღება. პირველი – ასეთი ტიპის განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ის ზეგავლენას ახდენს საზოგადოების იმ ნაწილზე, ვისაც კომპეტენტურად მიაჩნია ეს ორგანიზაცია. იმისდა მიუხედავად, ჩვენ რა დამოკიდებულება გვექნება მისი შინაარსის მიმართ, ეს განცხადება, სამწუხაროდ, უარყოფით და ნეგატიურ მუხტს უშვებს. მეორე – ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ თვითონ საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და იმ პერიოდში, როდესაც შეუდარებლად მეტად ირღვეოდა ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში, საკმაოდ გვიან მიაღწია ამ ინფორმაციამ დასავლურ ორგანიზაციებმდე. იყო კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ დემოკრატიის გაცილებით უფრო მძიმე პრობლემების დროს არ ყოფილა ასეთი შეფასება. ეს ფაქტი მესამე საკითხს აყენებს, რაც ინფორმაციის წყაროებს ეხება; თუ ვინ არიან მიმწოდებელნი იმ ინფორმაციის, რომლის საფუძველზე ეს ხედვა ყალიბდება. რადგან ისტორიული მეხსიერება გვახსენებს, რომ დემოკრატიასთან მიმართებით გაცილებით უფრო მძიმე შედეგები გვქონდა, რომელსაც ნაკლებად მტკივნეული შეფასებები მოჰყვებოდა ხოლმე, ამიტომ ჩნდება შეკითხვა – ტენდენციურობასთან გვაქვს საქმე, თუ წყაროს არასანდოობასთან, რომელსაც ეს შეფასება ეყრდნობა. არსებობს მეოთხე, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოცემულობა, თუ რას ფიქრობს შენი საზოგადოება. ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს, ჩვენც ვაღიარებთ, რომ დემოკრატიასთან მიმართებაში ყველაფერი იდეალურად შეიძლება არ იყოს დღეს, თუმცა ასეთ დრამატულ და რადიკალურ შეფასებას ვერ დავეთანხმები, რადგან დემოკრატიული პროცესები არ არის ერთჯერადად და მყისიერად მოსაგვარებელი საკითხი, ისეთი ეკონომიკური განვითარებისა და იმ წარსულის მქონე ქვეყანაში, რომელიც ჩვენ გვაქვს“, -აცხადებს რომან კაკულია.
ცნობისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში 2018” გამოაქვეყნა, რომელშიც დემოკრატიის მდგომარეობა ბალტიისპირეთის, ცენტრალური ევროპის, ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის 29 ქვეყანაშია შეფასებული. „ფრიდომ ჰაუსის“ განცხადებით, 29-დან 19 ქვეყანაში დემოკრატიის საერთო მაჩვენებელი გაუარესებულია. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, რომლის საერთო რეიტინგი 4,61-დან 4,68-მდე დაეცა.